ირაკლი ჩიქოვანი: ვიმედოვნებთ, რომ მომავალში შევძლებთ, უფრო მეტ სახელმწიფოსთან გავხსნათ პირდაპირი მიმოსვლა, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება ეპიდვითარებაზე

“აქამდე მიღებული ყველა გადაწყვეტილების მიზანი იყო, რომ დაგვეცვა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უზურნველგვეყო უსაფრთხო გარემო – ეს აუცილებელი გარემოებაა და დევს ყველაფრის საფუძველში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ და მოქალაქეებმა ერთობლივად შეძლო დღეის მდგომარეობით ქვეყანაში არსებული შედეგის მიღწევა. პრემიერის პრესსპიკერმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში პირდაპირი მიმოსვლა კიდევ უფრო მეტ სახელმწიფოსთან გაიხსნება, თუმცა, ეს დამოკიდებული იქნება ეპიდვითარებაზე.

„მას შემდეგ, რაც Covid-19-თან დაკავშირებული ეპიდვითარება, მეტნაკლებად, იცვლება სხვადასხვა წარმატებით, სხვადასხვა ქვეყანასა და სხვადასხვა კონტინენტზე, 30 ივნისს საქართველო ევროკავშირმა შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში და ეს არის მისასალმებელი ფაქტი – ფაქტი, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და მოქალაქეებმა შევძელით, ერთობლივად მიგვეღწია იმ შედეგისთვის, რომელიც დღეს სახეზე გვაქვს. ჩვენ გვინდა, მეტი გახსნილობა უზრუნველვყოთ, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ სიფრთხილით, თანმიმდევრულად, ეს გადაწყვეტილებები უნდა ეყრდნობოდეს არსებულ ეპიდვითარებას. 5 სახელმწიფოსთან საზღვრების გახსნა არ ნიშნავს, რომ ეს არის სია, რომელიც არ შეიცვლება, ის შეიცვლება. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში შევძლებთ, უფრო მეტ სახელმწიფოსთან გავხსნათ პირდაპირი მიმოსვლა, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს დამოკიდებული იქნება ეპიდვითარებაზე. ევროკავშირმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყოველ 2 კვირაში გადახედოს უსაფრთხო სახელმწიფოების სიას, რომელთა მოქალაქეებსაც ექნება ნება დართული, ქვეყნებში შევიდნენ. ჩვენ მივმართავთ დამატებით ზომებსაც – შესავსები იქნება სპეციალური ელექტრონული ფორმა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც იმოგზაურებს საქართველოში, რათა ჩვენ გვქონდეს მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად იქნება ეს ადამიანი საქართველოში ყოფნისას და, რა თქმა უნდა, გვაინტერესებს ინფორმაცია  საქართველოში მის ჩამოსვლამდე მოგზაურობის თაობაზე”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები