თამარ გაბუნია: კოვიდ პასპორტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ აღიარებს
“რა თქმა უნდა, უპირობო საზღვრის გახსნა, გარკვეულწილად, რისკის მატარებელია, თუ ეს არ ემყარება ქვეყნების ეპიდსიტუაციის საფუძვლიან ანალიზს, რომელთანაც საზღვრის გახსნაზე იქნება საუბარი. რაც შეეხება კოვიდ პასპორტს, მას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ აღიარებს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მონისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ 5 ქვეყანასთან საზღვრის უპირობო გახსნის თაობაზე საუბრისას განაცხადა.
“გამომდინარე იქედან, რომ კოვიდთან დაკავშირებული სტატუსი და ტესტირების შედეგი ვალიდურია ძალიან მოკლე ხნის განმავლობაში, კერძოდ, 72 საათის მანძილზე, ამ პერიოდის გასვლის შემდეგ უკვე ამას არანაირი გარანტიისა და დაცვის საფუძველი აღარ აქვს. ამიტომ უკეთესი და მეტად მეცნიერულად დასაბუთებული დაცვა არის ტესტირება ნებისმიერი სიმპტომის მქონე პირისა. ამ შემთხვევაში, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ტურიზმის გააქტიურებაზე, არის ერთი ტაქტიკა, რომ საზღვარზე ხდებოდეს სკრინინგი და თერმოსკრინინგიც რჩება, ასევე, იყოს მარტივად პისიარ ტესტირების შესაძლებლობა მაღალი რისკის მოგზაურებისთვის. რა თქმა უნდა, ყველასთვის პისიარ ტესტირების შეთავაზებას ვერცერთი ქვეყანა ახერხებს. ეს არის ძალიან რესურსტევადი და ამის ეფექტურობა, ზოგადად, დაბალია”, – განაცხადა გაბუნიამ.
ცნობისათვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო 5 სახელმწიფოსთან საზღვარს უპირობოდ ხსნის. ესენია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ საზღვრის გახსნა უსაფრთხოების ზომების დაცვით უნდა მოხდეს და საქართველომ მოგზაურებს ე.წ. კოვიდ პასპორტი უნდა მოსთხოვოს.