სოფელ ხაიშთან ხანძრის 4 აქტიური კერიდან 3 უკვე ლოკალიზებულია (ფოტოკოლაჟი)

“სვანეთში, სოფელ ხაიშთან ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოები მეოთხე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 4 ვერტმფრენია ჩართული”, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთის ორ ფერდზე არსებული  სხვადასხვა სირთულის 4 კერიდან 3-ის ლოკალიზება მოხერხდა.

“სვანეთში, სოფელ ხაიშთან ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოები მეოთხე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

მთის ორ ფერდზე არსებული სხვადასხვა სირთულის 4 კერიდან მოხერხდა 3-ის ლოკალიზება. კერებთან შეყვანილია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და მიმდინარეობს აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები. მეოთხე ლოკაციაზე, რომელიც რელიეფურად ყველაზე რთულად მისადგომია, მუშაობს საჰაერო ძალა.

მთელი ღამის განმავლობაში ტყეში ცოცხალი ძალის მიერ მიმდინარეობდა ტერიტორიის დამუშავება. დილიდან, გათენებისთანავე მუშაობა განაახლეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სულ 4 ვერტმფრენია ჩართული.

მობილიზებულია დამატებითი ცოცხალი ძალა თბილისიდან, ასევე, ქვემო ქართლის, აჭარისა და იმერეთის რეგიონებიდან. სოფელ ხაიშთან დღის განმავლობაში სულ 200 მეხანძრე-მაშველი და 10 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა იმუშავებს. რთულ რელიეფზე სამუშაოდ პროცესში ჩაერთვება განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი.

სვანეთში შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი – თემურ მღებრიშვილი და უფროსის მოადგილე – ლევან ღირსიაშვილი პირადად ხელმძღვანელობენ. ადგილზე, ასევე, იმყოფება სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი – დავით სუხიშვილი.

ამ დროისთვის, ადგილზე სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება და გრძელდება აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები”, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები