აშშ-ში ჯანმო-დან გასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან ქვეყნის გასვლის მექანიზმი ოფიციალურად დაიწყო.

როგორც სენატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენელმა, ბობ მენენდესმა სოციალურ ქსელში დაწერა, ტრამპმა გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური შეტყობინება კონგრესს გაუგზავნა.

ინფორმაცია ასევე გაერო-ს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სტეფან დუჟარიკმა დაადასტურა.

გადაწყვეტილება ძალაში ერთ წელიწადში შევა – 2021 წლის 6 ივლისამდე.

ტრამპის გადაწყვეტილება კონგრესმენებმა გააკრიტიკეს. კერძოდ, მენენდესმა თქვა, რომ ჯანმო-ს საქმიანობაზე პრეზიდენტის რეაქცია ქაოტური და არათანმიმდევრულია.

წარმომადგენელთა პალატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ელიოტ ენგელმა კი აღნიშნა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციიდან გასვლა, რომელიც ჯანდაცვის სფეროში გლობალური ძალისხმევის კოორდინებას ახდენს – ცუდი გადაწყვეტილებაა, განსაკუთრებით, პანდემიის დროს.

თეთრი სახლის გადაწყვეტილებას აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო ბაიდენი გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, პირველივე დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აშშ-ის წევრობას აღადგენს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ მაისის ბოლოს განაცხადა.

მანამდე, მან ჯანმო-ს ერთგვარი ულტიმატუმი წაუყენა და მოსთხოვა, დაამტკიცოს, რომ ჩინეთის გავლენებისგან არის თავისუფალი, ასევე, 30-დღიან ვადაში რეფორმებთან დაკავშირებით აშშ-ის მოთხოვნა შეასრულოს.

ტრამპის აზრით, ჯანმო-მ უგულებელყო ცნობები უხანში ჯერ კიდევ 2019 წელს ახალი ვირუსის გამოჩენის შესახებ. გარდა ამისა, ორგანიზაციას დამოუკიდებელი გამოძიება არ ჩაუტარებია.

აშშ ჯანმო-ს ყველაზე მსხვილი სპონსორია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები