დიმიტრი ხუნდაძე: მთავრობამ კრიზისი რომ სწორად მართოს, მას ბერკეტი სჭირდება, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის მიხედვით, ხელისუფლება, მმართველი გუნდი უკვე მართავს კრიზისს

“საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის მიხედვით, ხელისუფლება, მმართველი გუნდი უკვე მართავს კრიზისს და მგონი, არავის შექმნია ამ კუთხით პრობლემა, მით უმეტეს, უფლებრივი ნაწილი არის დაცული”, – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველომ პოზიტიურ შედეგს მიაღწია, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობაც აღიარებს.

„ეს შედეგი იყო ძალიან რთულად მისაღწევი ექიმებთან, საზოგადოებასთან, მმართველ გუნდთან ერთად, მაგრამ პრაქტიკულად ჩვენ შეუძლებელი შევძელით. ამ შედეგს შენარჩუნება სჭირდება და ბოლომდე მიტანა. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ პოზიტიური შედეგი გვაქვს, პანდემიის რეჟიმში მაინც გვიწევს ცხოვრება და მოსალოდნელი მეორე ტალღა უფრო რეალური ხდება. სხვა ქვეყნებში უკვე შეიმჩნევა ინფიცირებულთა რაოდენობის მატება და ბევრმა ქვეყანამ მეორე ტალღისთვის მზადება დაიწყო. ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა, რომ დავიცვათ მოსახლეობის ჯანმრთელობა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება.

კრიზისი მთავრობამ რომ სწორად მართოს, მას სჭირდება ბერკეტი. რაც შეეხება ოპოზიციის ეჭვს, ის არის უსაფუძვლო. საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის მიხედვით, ხელისუფლება, მმართველი გუნდი უკვე მართავს კრიზისს და მგონი, არავის შექმნია ამ კუთხით პრობლემა, მით უმეტეს, უფლებრივი ნაწილი არის დაცული. პარლამენტს ყოველთვის რჩება ბერკეტი, მისი ფუნქცია არის საზედამხედველო, ისე, რომ მას ნებისმიერ დროს შეუძლია და ამას აუცილებლად გააკეთებს, გააკონტროლოს მთავრობა. კონსტიტუციაში მკვეთრი ჩანაწერი არის, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობა უნდა იყოს დაცული და ეს არის ხელისუფლების ვალდებულება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები