ვლადიმერ ბორცვაძე: გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჩატარებულია 450-მდე საგამოძიებო და 400-მდე საპროცესო მოქმედება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ დღეს გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ჩატარებულია 450-მდე საგამოძიებო და 400-მდე საპროცესო მოქმედება.

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გვსურს, მოგაწოდოთ შუალედური ინფორმაცია გამოძიების შედეგებისა და მიმდინარეობის შესახებ.
საქმის მოცულობისა და ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებების ინტენსივობის გათვალისწინებით, საქმეზე გაფართოვდა საგამოძიებო ჯგუფის შემადგენლობა და სისხლის სამართლის საქმეზე ამჟამად გამოძიებას აგრძელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ყველა შესაძლო ვერსიაზე.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასრულებისა და გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება.
ასევე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ იაკობ ბრეგვაძის მიერ 112 ში განხორციელებულ ზარს, სადაც ის იძახებს პოლიციის ეკიპაჟს და ასევე ვასაჯაროებთ 112- ის ოპერატორის მიერ განხორციელებულ ზარს იაკობ ბრეგვაძესთან, სადაც ოპერატორი ბრეგვაძის ლოკაციის დაზუსტებას ცდილობს.
რაც შეეხება ადგილზე მისული პოლიციის ეკიპაჟის მოქმედების სამართლებრივ მხარეს, ამ საკითხს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია იკვლევს და თუ გამოიკვეთება მათი მხრიდან რაიმე სახის გადაცდომა, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცემა პროკურატურას.
როგორც ცნობილია, აღნიშნულ საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ჩადენისათვის ბრალი წარედგინა და ამჟამად პატიმრობაში იმყოფება 17 პირი.
სისხლის სამართლის საქმეზე უწყვეტ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები, კერძოდ:
საქმეზე ჩატარებულია 450-მდე საგამოძიებო და 400-მდე საპროცესო მოქმედება. მათ შორის,
• გამოკითხულია 93 პირი
• გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში და მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებულია 121 ჩხრეკა-ამოღება, რის შედეგადაც ამოღებულია 105 ერთეული კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონი და ფოტოაპარატი. ასევე, საექსპერტო კვლევის მიზნით, ჯამურად,  40 პირისგან – ბრალდებულებისა და საქმესთან შემხებლობაში მყოფი მოქალაქეებისგან ამოღებულია ტანსაცმელი და ფეხსაცმელი;
• ბრალდებულებისა და საქმესთან შემხებლობაში მყოფი, ჯამურად, 41 პირისგან აღებულია დნმ-სა და დაქტილოსკოპიური ნიმუშები;
• მობილური ოპერატორებიდან საქმეში გამავალ ათეულობით პირზე გამოთხოვილია ინფორმაცია მათი ლოკაციებისა და კავშირების დადგენის მიზნით;
• ათეულობით ობიექტიდან გამოთხოვილია ვიდეო სათვალთვალო კამერების დაახლოებით 600 საათამდე ჩანაწერი;
• საქმის ფაქტობრივი გარემოებისა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით დანიშნულია 8 სახეობის 57 ექსპერტიზა, მათ შორის, სასამართლო-სამედიცინო, ქიმიური, მიკრონაწილაკების, ბიოლოგიური, ნიადაგის, დაქტილოსკოპიური, ტრასოლოგიური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზები;
ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას გიორგი შაქარაშვილის ოჯახთან და სისტემატურად ვაწვდით ინფორმაციას გამოძიების მსვლელობისა და შედეგების შესახებ.
აქვე მივმართავთ საზოგადოებასა და ცალკეულ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან, რათა არ დაზიანდეს გამოძიების ინტერესი და არ შეეშალოს ხელი საქმეზე სიმართლის დადგენას.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირება მოხდება ეტაპობრივად”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები