სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პროგრამებში მიწის თანამესაკუთრეთათვის მონაწილეობა მარტივდება
სასოფლო-სამეურნეო მიწის თანამესაკუთრეთათვის სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, აგრობარათებისა და დიზელის ფასდაკლების ბარათების მიღება გამარტივდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აგრობარათისა და დიზელის ფასდაკლების ბარათის მისაღებად ერთერთმა თანამესაკუთრემ სხვა თანამესაკუთრეების წერილობითი თანხმობა უნდა წარმოადგინოს.
“თანხმობის შინაარსისა და ხელმოწერის ნამდვილობაზე პასუხისმგებელია დოკუმენტის წარმდგენი თანამესაკუთრე. ბარათების მიღება შესაძლებელია ნოტარიულად დამოწმებული თანხმობის ან ყველა თანამესაკუთრის გამოცხადების შემთხვევებშიც.
აგრობარათების მისაღებად ფერმერებმა ბანკში მისვლამდე პროგრამაში მონაწილეობისა და დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაცია ვებპორტალზე – myliberty.ge უნდა გადაამოწმონ; ბანკში ვიზიტის დროს, თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ფასდაკლების ბარათები ფერმერებისთვის ეტაპობრივად გაიცემა როგორც იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში (my.gov.ge-ზე ვიზიტის წინასწარი დაჯავშნით), ასევე, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში; აგროდიზელის ფასდაკლების ბარათებს გასცემს ლიბერთი ბანკის ფილიალებიც”, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.