სინოპტიკოსები დღეს საქართველოში ტემპერატურის 42 გრადუსამდე მატებას პროგნოზირებენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 ივლისიდან 9 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში ჰაერის ტემპერატურა 42 გრადუსამდე აიწევს.
“9 ივლისამდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა. 7 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელია, 40, 42, მთიან რაიონებში 35, 37, ხოლო შავი ზღვის სანაპირო ზოლში 33, 35 გრადუსს მიაღწიოს. აღმოსავლეთ საქართველოში 7-8 ივლისს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში 34, 39, მთიან რაიონებში კი 29, 34 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
ჰაერის მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს ტყის ხანძრების გაჩენას. 8 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან 11 ივლისამდე საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით აგრილდება. დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან – ძლიერად, შესაძლებელია, აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3-ბალიანი ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს”, -აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.