გია ვოლსკი: ინიციატივა გულისხმობს, რომ არჩევნები ჩავატაროთ კარგად, გადავარჩინოთ ეკონომიკა და რაც მთავარია, გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე

სპეკულაციები, თითქოს „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ცვლილებები რაღაცნაირად არჩევნებთან არის დაკავშირებული, არათუ არასწორია, უზნეობაა,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული რეგულაციების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ინიციატივას.

მისი თქმით, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება არ დამძიმდეს.

“ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ არჩევნები ჩავატაროთ კარგად, გადავარჩინოთ ეკონომიკა და რაც მთავარია, გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე. ურთულესი მდგომარეობა ჩამოყალიბდა კვლავ მსოფლიოში, ევროპაში და ყველა ზომა უნდა ვიხმაროთ იმისათვის, რათა ჩვენთან არ დამძიმდეს ეს ვითარება. რაც შეეხება სპეკულაციებს, თითქოს ეს რაღაცნაირად არჩევნებთან არის დაკავშირებული, არათუ არასწორია, უზნეობაა. მე არ მგონია, რომ ოპოზიციური პარტიებიც წინააღმდეგი იყვნენ”, – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, პარლამენტში ინიცირებულია „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელიც რეგულაციების მოქმედების ვადის გახანგრძლივებას 2020 წლის ბოლომდე ითვალისწინებს. როგორც ცნობილია აღნიშნული ცვლილებების ვადა, რომელიც მთავრობას საშუალებას აძლევს გარკვეული შეზღუდვები დააწესოს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, 15 ივლისამდე არის განსაზღვრული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები