ცხინვალი, ე.წ. სასაზღვრო სფეროში კანონდარღვევების პროფილაქტიკას რუსეთთან ერთად გეგმავს
ე.წ.სამხრეთ ოსეთის “კგბ” ე.წ.სასაზღვრო სფეროში 28 კანონდარღვევაზე ავრცელებს ინფორმაციას, მათგან 24 პირი მაისშია დაკავებული.
აღინიშნება, რომ ე.წ. დამრღვევთა მიმართ ადმინისტრაციული ღონისძიებები გატარდა, კერძოდ, 15 პირი დაჯარიმდა, 3 ე.წ.რესპუბლიკიდან იქნა გაძევებული, 10 გაფრთხილებული.
“ივლისში სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრე რაიონებში, სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის სასაზღვრო ორგანოების მიერ ერთობლივი ღონისძიებების გატარება იგეგმება, რომლებიც სასაზღვრო სფეროში კანონდარღვევების პროფილაქტიკისკენ იქნება მიმართული”, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ “სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქართველოს მხრიდან კოვიდ19-ის მოხვედრის პრევენციის მიზნით, სასაზღვრო სამსახური მოსაზღვრე რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდებს, საზღვრის დამრღვევთა გამოვლენის დროს, მათთან ყოველგვარ კონტაქტს მოერიდონ და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ სასაზღვრო ორგანოებს”.