ილია მეორე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მღვდელმთავრებსა და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – პიტერ სიიარტო, უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ვიქტორია ჰორვატი და მათი თანმხლები პირები მიიღო.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო უნგრეთსა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს.

“სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ საქართველო უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა და ჩვენი ხალხი დღემდე ერთგულად იცავს ქრისტიანულ ფასეულობებს. მან ასევე მადლობა გადაუხადა სტუმარს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის უნგრეთის მხრიდან გაწეული დახმარების გამო.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია საქართველოს უძველესი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურთან შეხვედრა. უნგრეთი ათასი წლის წინ გაქრისტიანდა და ქართველების მსგავსად მისი ხალხისთვისაც ქრისტიანული ღირებულებებისა და ოჯახის სიწმინდის დაცვა უმნიშვნელოვანესია და დასძინა, რომ უნგრეთსა და საქართველოს შორის დიდი საქმიანი ურთიერთობებია ჩამოყალიბებული სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სოფლის მეურნეობის კუთხით და მზად არიან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის, მათ შორის, ეკლესიასთან მიმართებით.

შეხვედრის დასასრულ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა სტუმრები და უნგრეთის სახელმწიფო და მათ შემდგომი წინსვლა და ქრისტიანული ფასეულობების განმტკიცება უსურვა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები