შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი 24-საათიან რეჟიმში საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა საგამოცდო ცენტრის შიდა და გარე პერიმეტრის უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას დაცვის პოლიცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაცვის პოლიციის თანამშრომლები უსაფრთხოების ღონისძიებებს ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული რეკომენდაციების შესაბამისად ახორციელებენ.
“საგამოცდო პროცესის უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით, მიმდინარეობს ნაკადების რეგულირება და სოციალური დისტანციის მართვა.
დაცვის პოლიცია საგამოცდო ცენტრების უსაფრთხოებას იცავს გამოცდებისთვის მომზადების პერიოდში, ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას და გამოცდების დასრულებისას საგამოცდო ცენტრიდან მატერიალური ფასეულობების გატანამდე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.