მეუფე დანიელი: ვიხილეთ სასწაული, რომელიც მოხდა საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საეკლესიო მსახურება არ შეწყდა, ეპიდემიამ არ იფეთქა
“ჩვენ ვიხილეთ სასწაული, რომელიც მოხდა საქართველოში, მთელმა მსოფლიომ იხილა ეს სასწაული – საეკლესიო მსახურების შეუწყვეტლობის მიუხედავად, საქართველოში ეპიდემიამ არ იფეთქა”, – ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
ასევე, მეუფე დანიელმა აბიტურიენტებს საქართველოს პატრიარქის დალოცვა გადასცა.
“დღეს საქართველოს მართმადიდებლური ეკლესია იხსენიებს მე-19 საუკუნისა და მე-20 საუკუნის მღვდელმოწამეს, მიქაელ ყულოშვილს ჰერეთიდან, ანუ საინგილოდან. მიქაელი გამოირჩეოდა ჰერეთში განათლებით, სამწყსოსათვის თავდადებული ზრუნვით მან შეისწავლა სამედიცინო საქმე და კურნავდა თავის სამწყსოს. როდესაც დადგა ჟამი რევოლუციური მოძრაობებისა, მაშინ ერთ-ერთმა უღმერთოთა პოლიტიკურმა დაჯგუფებამ, რომელიც ზღუდავდა ღვთისმსახურებას ჰერეთში, აიძულებდნენ მას, რომ მიეტოვებინა სამწყსო, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ ფიზიკური განადგურებით და მან, რასაკვირველია, არ დატოვა სამწყსო და მიიღო მოწამეობრივი აღსასრული. ჰერეთი – ეს არის ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი, ისტორიული საქართველო. ჩვენი ტკივილი ყოველთვის, ისტორიულად, იყო ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და დღესაც ეს ტრაგედია, ტკივილი აქვს საქართველოს. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ჩვენი ერთგული მსახურებით ღვთისა და მამულისადმი იმისთვის, რომ შევქმნათ ისეთი საზოგადოება, ისეთი ქვეყანა, რომელიც იქნება სულიერად და ფიზიკურად ძლიერი და რომელიც მიაღწევს მშვიდობას. მშვიდობის მიღწევას სჭირდება სიბრძნე, დიდი ფიზიკური ძალა, უნარი დიდი აღმშენებლობის. მხოლოდ სიყვარულით და მშვიდობით შეიძლება საქართველოს გამთლიანება და ჩვენ ბრმად გვწამს, რომ საქართველო, რომელიც ყოველთვის, თავისი ისტორიის განმავლობაში მიუხედავად თავისი მრავალრიცხოვანი მტრისა, ინარჩუნებდა თავის ქვეყნის დამოუკიდებლობას, ინარჩუნებდა მთლიანობას და დაკარგვის შემთხვევაში აუცილებლად აღადგენდა. ეს არის საოცარი ისტორია, ისტორია სასწაულებრივი, რომ ამ მცირერიცხოვანმა, უძველესმა ერმა, რომელიც დედამიწაზე უძველესი დროიდან არსებობს, როდესაც დედამიწაზე ხალხები არსებობდნენ, მაშინ ჩამოყალიბდა და ქართული ეთნოსი ერთ-ერთი პირველია, გაუძლო ყველაფერს, დღემდე მოვიდა. შეიძლება ვინმემ კითხვა დასვას, როგორ გადარჩა, დიახ, გადარჩა ორი მიზეზის გამო: იმიტომ, რომ იგი იყო მამულისათვის და ღვთისათვის თავდადებული. ასეთ ერს ღმერთი არ ტოვებს, გადაარჩენს ხოლმე, მოუვლენს დიდ წყალობას.
ამ წყალობის მაგალითი ჩვენ ვიხილეთ დღეს ჩვენს სინამდვილეში და არა მარტო ჩვენ, იხილა მთელმა მსოფლიომ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ მოუშუშებელი ჭრილობები გვაქვს, როგორც ფიზიკური ისე სულიერი, როგორ აღმოჩნდა ეს ქვეყანა უდიდესი სახელმწიფოების გვერდზე, გაცილებით უფრო დაცული. რასაკვირველია, ეს მოხდა იმიტომ, რომ ჩვენმა ხალხმა ძალ-ღონე არ დაიშურა და ასეთ ხალხს, ვინც ბოლომდე იბრძვის, ქვეყნისთვის, კეთილდღეობისთვის, სიყვარულისთვის, ზნეობისთვის, ღმერთი სასწაულს მოუხდენს.
ჩვენ ვიხილეთ სასწაული, რომელიც მოხდა საქართველოში, მთელმა მსოფლიომ იხილა ეს სასწაული – ეს იყო ეპიდემიის პირობებში მაქსიმალურად შეზღუდული გავრცელება. საეკლესიო მსახურების შეუწყვეტლობის მიუხედავად, ეპიდემიამ არ იფეთქა საქართველოში. ეს არის სასწაული. ასე მოვდივართ დღემდე სასწაულებით და სასწაულს მოუვლენს ღმერთი ჩვენს ერს, რომელიც არის ერთგული, თავდადებული ღვთისა და მამულისათვის. ასეთი თავდადებული შვილები ჰყავდა საქარველოს ისტორიულად და იმიტომ გადარჩა.
ქრისტეს გარეშე სიცოცხლე სიკვდილია, ხოლო ქრისტესთან ერთად სიკვდილი სიცოცხლეა. ამ რწმენამ გადაგვარჩინა ამ ეპიდემიისაგან და კიდევ გადაგვარჩენს იმ განსაცდელებისაგან, რომელსაც ეგულების მოსვლად ყოველსა სოფელსა ზედა გამოცდად მკვიდრთა, ამის შესახებ ამბობს იოანე ღვთისმეტყველი.
იქნება ჟამი დიდი განსაცდელებისა. ივერია არამარტო გადარჩება, მაშინ როდესაც, მთელს მსოფლიოში იქნება რწმენის სრული გაქრობა, ივერია გაბრწყინდება. არაფრის არ შეგეშინდეთ ღმერთმა დიდხანს უცოცხლოს საქართველოს ჩვენი პატრიარქი, დღეს საქართველო მსოფლიოში წარმოჩინდა, როგორც, ყველაზე ძლიერი სამწყსო მართლმადიდებელი ეკლესიისა.
დღეს ჩვენთან არიან აბიტურიენტები იწყება ეროვნული გამოცდები, გადმოგცემთ პატრიარქის დალოცვას. ღმერთმა მოგცეთ ფიზიკური და სულიერი ძალა, რომ თქვენი შესაძლებლობის მაქსიმუმი გამოავლინოთ, სიმშვიდით, სიბრძნით წარმართოთ ეს გამოცდები“, – განაცხადა მეუფე დანიელმა.