საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორს უმასპინძლა

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორს, ბატონ ზვიად გაბისონიას უმასპინძლა.
​ვიზიტის მთავარი მიზანი ფონდსა და უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება იყო.
​შოთა რუსთაველის ფონდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მემორანდუმის ხელმოწერის პარალელურად, შეხვედრა საავიაციო უნივერსიტეტის ფაკულტეტების და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებთან, ასევე, ფონდის კონკურსებში გამარჯვებულ ახალგაზრდა მკვლევრებთან, დოქტორატებსა და მაგისტრებთან გაიმართა.
შეხვედრა ძალზე საინტერესოდ ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.
შეხვედრა საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა, სერგო ტეფნაძემ გახსნა და სტუმრებს მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა.
ფონდის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ მემორანდუმის მიზანი აქტიური თანამშრომლობა ფონდსა და უნივერსიტეტს შორის უნივერსიტეტის სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა, სამეცნიერო-კვლევითი და ინოვაციური პროცესების ხელშეწყობა და შემდგომი განვითარებაა.
შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა საავიაციო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, საინჟინრო ფაკულტეტის ლაბორატორიული ბაზა, საფრენოსნო საწაფები, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და თელავში მდებარე საავიაციო უნივერსიტეტის მფლობელობაში არსებული აეროპორტი „მიმინოს“ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს.
სტუმრები საინჟინრო და საფრენოსნო ფაკულტეტების სამეცნიერო პოტენციალს გაეცნენ და საფრენოსნო ფაკულტეტის სტუდენტთა სასწავლო-საწვრთნელი ფრენების შესრულების პროცესს დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები