ოკუპირებულ აფხაზეთში ფინანსური კრიზისია, ბჟანია ხელფასების დაგვიანებაზე საუბრობს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, “სახელმწიფო დაწესებულებებში მომუშავე ადამიანები” ხელფასს დაგვიანებით მიიღებენ.

ამის შესახებ ბჟანიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“მაისის თვის დავალიანება აღარ გვაქვს. ხელფასებს, ბუნებრივია, გავცემთ, მაგრამ – 15-20 დღის დაგვიანებით”, – აღნიშნა მან და მოსახლეობას მიმართა, ვითარებას გაგებით მოეკიდონ.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ხელფასების გაცემასთან დაკავშირებით ვითარების გაუარესების საკითხი ე.წ.საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე განიხილებოდა.

მაშინ ე.წ.პრემიერმა, ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა, რომ ივნისსა და ივლისში “სახელმწიფომ შესაძლოა, ხელფასების გაცემა ვერ შეძლოს”.

მისი თქმით, აღნიშნული უკავშირდება კორონავირუსთან დაკავშირებულ შეზღუდვებს, ეკონომიკური საქმიანობის შეჩერებას, რომელმაც მოქალაქეებსა და “ქვეყნის ბიუჯეტს” ზიანი მიაყენა.

“არსებულ შეზღუდვებს ფინანსური სირთულეებიც დაემატა. ბიუჯეტმა 5 თვის გეგმური მაჩვენებლები 98% შეასრულა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ივნისშიც ასე მოხდება. ივნისში ყველაფერი ბევრად უარესად იქნება. არ გაშინებთ, ეს რეალობაა”, – თქვა ანქვაბმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები