ანრი ოხანაშვილი: „ქართული ოცნების” გუნდმა შეძლო ის, რაც მანამდე ვერ შეძლო ვერცერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა
„ქართული ოცნების” გუნდმა შეძლო ის, რაც მანამდე ვერ შეძლო ვერცერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა და ჩვენ შევძელით, რომ საქართველოს კონსტიტუციაში შეგვეტანა ცვლილება და 2024 წლიდან არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული წესით”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ტელეკომპანია „იმედის” ეთერში განაცხადა.
ანრი ოხანაშვილის თქმით, სახელისუფლებო გუნდმა საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, პოლიტიკურ პარტიებთან ერთად შეძლო პოლიტიკურ კონსენსუსზე დაფუძნებული ცვლილების განხორციელება საქართველოს კონსტიტუციაში, რის შედეგადაც 2020 წელს ოქტომბერში არჩევნები ჩატარდება პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან მაქსიმალურად დაახლოებული წესით.
„ჩვენ შევძელით ისც, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და მადლობა მათ ამისთვის, რომ პოლიტიკურ კონსენსუსზე დაფუძნებით განვახორციელეთ ცვლილება საქართველოს კონსტიტუციაში და 2020 წელს ოქტომბერში არჩევნები ჩატარდება პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან მაქსიმალურად დაახლოებული წესით.
სწორედ „ქართული ოცნების” გუნდმა შეძლო ასევე ისიც, რომ ჩვენ დღეს ვასრულებთ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მიღების საკითხს და დღის ბოლოს ჩვენ გვექნება კიდევ მეტად გაუმჯობესებული საარჩევნო კოდექსი, რომელიც ქმნის გარანტიას გამჭვირვალობის, არჩევნების ძალიან მაღალი სტანდარტით ჩატარების და ეს ყველაფერი ასოცირდება „ქართული ოცნების” გუნდთან”,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ანრი ოხანაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ იმ პოლიტიკურმა ჯგუფებმა, რომლებიც თავს იწონებდნენ რომ თითქოს მათ ჰქონდათ მოთხოვნა პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლის, ამ პროცესში მონაწილეობა არ მიიღეს.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც თავს იწონებდნენ და საზოგადოების წინაშე კეკლუცობდნენ, რომ თითქოს მათ ჰქონდათ მოთხოვნა პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლის, ეს სიტყვები დარჩე მხოლოდ და მხოლოდ ლიტონ სიტყვებად და მათ ამ პროცესში მონაწილეობა არ მიიღეს. ეს მოწმობს იმას, რომ ისინი არ ასოცირდებიან პროგრესთან, ისინი ნარ ფიქრობენ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ უკეთეს დღეზე და მათ არ აინტერესებთ ჩვენი საზოგადოების ინტერესები. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას” , „ქართული ოცნება” არის ერთგული იმ შეთანხმების, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, ამიტომ განვახორციელეთ საკონსტიტუციო ცვლილება და დღეს უკვე დავასრულებთ საარჩევნო კოდექსის ცვლილებებს და ამით გვექნება კიდევ ერთი პროგრესული დოკუმენტი იმისთვის, რომ ყოველი მომდევნო არჩევნები ჩატარდეს კიდევ უფრო გამჭვირვალედ და მაქსიმალურად დახვეწილად”,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.