თიანეთში ციმბირული წყლულის დაფიქსირების ფაქტზე სამხარეო ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ტუშურებში ციმბირული წყლულის დაფიქსირების ფაქტზე მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციამ სპეციალური განცხადება გაავრცელა.

“თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ტუშურებში ციმბირული წყლულის შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექცია თავდაპირველად რქოსან პირუტყვს აღმოაჩნდა, საქონლის დაკვლის შემდეგ კი მეპატრონე დაავადდა.
დაზარალაბული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. ტუშურების ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის სამსახურისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გატარდა კანონმდებლობით დადგენილი ყველა შესაბამისი ზომა. მოხდა სოფელში არსებული პირუტყვის ვაქცინაცია, დაავადებული ხორცი სოფლიდან მოშორებით დაიწვა და სპეციალურ სამარხში ხუთი მეტრის სიღრმეზე განთავსდა. სურსათის უვნებლობის სამსახურისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მოხდა მოსახლეობის ინფორმირება იმის თაობაზე, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტუშურებში აკრძალულია საქონლის დაკვლა, ასევე, ხორცისა და რძის ნაწარმის რეალიზაცია. პარალელურად, სოფელში აცრილი პირუტყვის მონიტორინგი მიმდინარეობს.
რა ღონისძიებები გატარდა ციმბირული წყლულის აღმოჩენის შემდეგ სოფელში და რა საჭიროებები არსებობს ამჯერად, ამ თემაზე დღეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედრა გაიმართა, შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა- მთინეთის მხარეში  – შალვა კერესელიძე მოადგილესთან, გოჩა ქავთარაძესთან ერთად ასევე თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი თამაზ მეჭიაური მოადგილეებთან ერთად და სურსათის უვნებლობის სამსახურის რეგიონალური წარმომადგენლები დაესწრნენ. გუბერნატორის განცხადებით სიტუაცია ტუშურების ადმინისტრაციულ ერთეულში კონტროლს ექვემდებარება და მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები