„ვიზეარი“ არსად გადის, აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასა და საქართველოსთან თანამშრომლობას, რჩება თავისი მომხმარებლების ერთგული”, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განაცხადა, რომ თითქოს „ვიზეარი“ ქუთაისის აეროპორტში ბაზას აუქმებს.
„მინდა, ყველა დავამშვიდო ამ საკითხთან დაკავშირებით. „ვიზეარი“ არსად გადის, „ვიზეარი“ ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს საქართველოში. 2012 წელს შემოვიდა ჩვენთან და ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ გაფართოებულიყო „ვიზეარის“ არეალი. კოვიდამდე 30-მდე ფრენას ასრულებდა და დაანონსებული ჰქონდა კიდევ 10-მდე ახალი მიმართულება. კომპანიასთან ახლახან მქონდა საუბარი და „ვიზეარი“ თავადაც დაადასტურებს ამას საჯაროდ. „ვიზეარი“ არსად გადის, აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასა და საქართველოსთან თანამშრომლობას, რჩება თავისი მომხმარებლების ერთგული – ჩვენი მოქალაქეების, ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში „ვიზეარის“ მეშვეობით ჩვენი ხელშეწყობით ძალიან კომფორტულად და საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასებით მგზავრობდა საქართველოდან და გვიბრუნდებოდა ისევ საქართველოში.
ხოლო რაც შეეხება იმას, რომ კომპანიამ თვითმფრინავები უნგრეთში გადაიყვანა, ავიაციის გლობალური ინდუსტრია საკმაოდ დიდი სირთულეების წინაშეა. ბუნებრივია, ნებისმიერი ავიაკომპანია ცდილობს, რომ შეამციროს დანახარჯები და აკეთებს სხვადასხვა გადაჯგუფებას. ეს არის წმინდა ტექნიკური საკითხი. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, „ვიზეარს“ თვითმფრინავი ეყოლება მაინც და მაინც ქუთაისის აეროპორტში, თუ რომელიმე თავის ბაზაზე. მთავარია, რომ „ვიზეარი“ არსად არ გადის, ელოდება ჩვენს შეტყობინებას. მისი განაცხადი შემოსულია ოფიციალურად ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით და რა მომენტშიც ვიქნებით მზად და ჩავთვლით შესაძლებლად, რომ უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით გარკვეული მიმართულებები უნდა გააქტიურდეს, „ვიზეარი“ მყისიერად გააგრძელებს ფრენებს. ამას თვითონ „ვიზეარიც“ უახლოეს საათებში დაადასტურებს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.