ევროკავშირის წარმომადგენლობა: ვულოცავთ საქართველოს მსოფლიოს იმ 15 ქვეყანას შორის მოხვედრას, რომელთათვის ევროკავშირი 1-ელი ივლისიდან კვლავ გახსნის თავის საზღვრებს!

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ულოცავს საქართველოს იმ 15 ქვეყანაში მოხვედრას, რომელთათვისაც 1-ელი ივნისიდან ევროკავშირი საზღვრებს გახსნის.

შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელში გავრცელდა.

„ვულოცავთ საქართველოს მსოფლიოს იმ 15 ქვეყანას შორის მოხვედრას, რომელთათვის ევროკავშირი 1 ივლისიდან კვლავ გახსნის თავის საზღვრებს!“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭო იმ მესამე ქვეყნების სიას აქვეყნებს, რომლებთანაც წევრმა სახელმწიფოებმა 1-ელი ივლისიდან სასაზღვრო შეზღუდვების მოხსნა უნდა დაიწყოს.

აღნიშნულ ქვეყნებს შორის მოხვდნენ : საქართველო, მონტენეგრო, სერბეთი, კანადა, ურუგვაი, ალჟირი, ტუნისი, მაროკო, რუანდა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაილანდი და ჩინეთი (თუ ის ასევე გაუხსნის საზღვრებს ევროკავშირის მოქალაქეებს).

ევროკავშირის საბჭოს ინფორმაციით, სია ყოველ 2 კვირაში განახლდება.

ევროკავშირის საბჭოს ცნობით, სიის შექმნისას შემდეგი კრიტერიუმები გაითვალისწინეს: ბოლო 14 დღის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა და ყოველ 100 000 მოსახლეზე უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს ან იყოს მასზე ნაკლები; აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, წინა 14 დღესთან შედარებით, კორონავრუსის ახალი შემთხვევების ტენდენცია უნდა იყოს სტაბილური ან კლებადი; ზოგადი რეაგირება „კოვიდ-19“-ზე, მათ შორის ტესტირების, კონტროლის, კონტაქტების გამოვლენის, შეკავების, მკურნალობისა და აღრიცხვასთან დაკავშირებული ინფორმაციის, ასევე ინფორმაციის სანდოობის გათვალისწინებით.

„მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ევროკავშირის დელეგაციების მიერ მოწოდებული ინფორმაციაც“ , – აღნიშნულია ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები