მამუკა სალუქვაძე ექიმებს: მადლობა, რომ ამ უმძიმესი თვეების განმავლობაში, თქვენი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად, დაგვიფარეთ და დაგვიცავით
“მადლობა, რომ მსოფლიოსათვის ამ უმძიმესი თვეების განმავლობაში, თქვენი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად, დაგვიფარეთ და დაგვიცავით”, – ამის შესახებ ურბანისტი მამუკა სალუქვაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.
“შენი ქვეყნის ექიმები მადლობის ტაშს იმსახურებენ არა მხოლოდ მაშინ, როდესაც სრულიად უცნობი ვირუსის პანდემიის უსწრაფესი გავრცელების ფონზე, შეშფოთებული, დაბნეული და შეშინებული, სიცოცხლის ერთადერთ გარანტიასა და შველას სწორედ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თავდადებაში, საქმისადმი ერთგულებაში, უმაღლეს პროფესიონალიზმსა და თავდაჯერებულობაში ხედავ, არამედ მაშინაც, როდესაც, მათი კარგად გათვლილი, მიზანმიმართული, პრინციპული, ცოდნასა და გამოცდილებაზე დამყარებული ფილიგრანული, უმაღლესი პილოტაჟის დონეზე აყვანილი საქმიანობა, შენი ქვეყნის მთელ რიგ, ჭკუასთან ცოტა მწყრალად მყოფ მოქალაქეს ათქმევინებს, რომ არანაირი ვირუსი არ არსებობდა და ეს ყველაფერი, ვიღაცეების მიერ მოგონილი ბოროტი ხუმრობა იყო… თქვენ, არათუ ტაშს, ქართველი ხალხის ოვაციებს იმსახურებთ, ჩვენო ძვირფასო, უსაყვარლესო და უმაგრესო ექიმებო. მადლობა, რომ მსოფლიოსათვის ამ უმძიმესი თვეების განმავლობაში, თქვენი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად, დაგვიფარეთ და დაგვიცავით დაავადებისაგან, რომელმაც უკვე ამ დროისთვის, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ათ მილიონზე მეტი ადამიანის დააავადება გამოიწვია დედამიწაზე”,-წერს მამუკა სალუქვაძე სოციალურ ქსელში.