ირაკლი ღარიბაშვილი სამხედრო ქვედანაყოფებში მიმდინარე სარემონტო და სამშენებლო სამუშაოებს ეცნობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ 2020 წელს ინიცირებული სამხედრო ბაზების ინფრასტრუქტურის განახლება აქტიურ ფაზაშია შესული. თავდაცვის მინისტრი სამხედრო ქვედანაყოფებში მიმდინარე სარემონტო და სამშენებლო სამუშაოებს პერიოდულად ეცნობა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჯერად, ირაკლი ღარიბაშვილი აღმოსავლეთ საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე იმყოფებოდა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

მინისტრმა უწყების წარმომადგენლებთან ერთად გორსა და მცხეთაში პირველი ქვეითი ბრიგადის გაფართოებული და განახლებული შტაბის შენობა და მიმდებარე ტერიტორია, ასევე, მე-11 და მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონებისა და მე-14 შერეული მექანიზებული ბატალიონის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. წლის ბოლომდე მე-11 და მე-14 ბატალიონების დისლოკაციის ადგილზე სასადილოსა და საცხოვრებელი ყაზარმის მშენებლობა დასრულდება. ირაკლი ღარიბაშვილი დაბა საგურამოში მდებარე ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოებსაც გაეცნო.

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრობისას თავდაცვის მინისტრს აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა, მალხაზ მაკარაძემ უმასპინძლა და ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრმა რეკრეაციული ზონისა და სტადიონის მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორიაც მოინახულა.

2020 წელს სამხედრო ბაზების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ფარგლებში განახლდება და გარემონტდება 197 ყაზარმა, 52 სასადილო, 23 მულტიფუნქციური მრავალმიზნობრივი გარე რეკრეაციული მოედანი და შიდა სპორტული დარბაზი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები