2 ივლისს საერთაშორისო კონფერენცია „ორგანიზაციული ტრანსფორმაცია და ეჯაილი“ ჩატარდება

“თიბისის” და “მასტერქარდის” ორგანიზებით საქართველოში პირველად ორგანიზაციული ტრანსფორმაციის და ეჯაილის თემაზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.

კონფერენციაში „ორგანიზაციული ტრანსფორმაცია და ეჯაილი“ მონაწილეობას მიიღებენ წამყვანი პროფესიონალები საერთაშორისო კომპანიებიდან, რომლებიც მონაწილეებს გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და ეჯაილ ტრანსფორმაციის საუკეთესო პრაქტიკებს.

კონფერენციის მონაწილეებს შორის არის ცნობილი საერთაშორისო ექსპერტი ეფი ვან დენ ბორნე, რომელიც საერთაშორისო ჰოლანდიური ბანკის ING – ის ეჯაილ ტრანსფორმაციაზე ისაუბრებს.

“თიბისის” ეჯაილ ტრანსფორმაციის გზაზე გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე და გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი ისაუბრებენ. ისინი შეეხებიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა, როგორ უნდა უპასუხოს კომპანიამ გამოწვევებს და აქციოს ისინი შესაძლებლობად და რატომ დგება ორგანიზაციაში ტრანსფორმაციის საჭიროება.

„ეჯაილი მუშაობის განსაკუთრებულად ეფექტური სისტემაა. ახალი სტრუქტურა საშუალებას იძლევა პროცესები უფრო სწრაფად და მოქნილად ვმართოთ. ამ პრინციპით მუშაობა თანამშრომლებს მეტ თავისუფლებას აძლევს და ასე უფრო წარმატებული პროდუქტი და მომსახურება იქმნება. დელეგირებული ბიზნესპროცესების და ავტონომიის საშუალებით ჩვენმა ეჯაილ გუნდებმა ბოლო თვეებში არაერთი წარმატებული პროდუქტი შესთავაზეს მომხმარებელს.ვფიქრობთ, რომ ორგანიზაციული ტრანსფორმაციის კუთხით ძალიან ბევრი დაგვიგროვდა, რის გაზიარებასაც ვაპირებთ ამ კონფერენციაზე,“ – განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, “თიბისის” გენერალურმა დირექტორმა.

კონფერენციაზე მოწვეულ სპიკერებს შორის იქნებიან უცხოელი და ქართველი ექსპერტები კომანიებიდან: Mckinsey, Unicredit, IT altris, AgileLAB, Busuu, Siemens, HTS Solutions და სხვა.

კონფერენცია მიეძღვნება შემდეგ თემებს:
• რა არის ეჯაილი და როგორ მუშაობს ის სინამდილეში;
• კომუნიკაცია და კულტურული ცვლილებები ეჯაილის დროს;
• რატომ ირჩევენ ორგანიზაციები ტრანსფორმაციისთვის ეჯაილს;
• რაში ეხმარება ეჯაილი ორგანიზაციებს;
• ეჯაილ ფრეიმვორკების სპეციფიკა;
• რა არის ბიზნეს ეჯაილი;
• ექსპერიმენტული კულტურა;
• დევოპსი და ეჯაილი;
• ორგანიზაციული ტრანსფორმაციის წარმატებული ქეისები.

ძირითადი ნაწილის დასრულების შემდეგ გაიმართება პანელური დისკუსია, სადაც ქართული კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ისაუბრონ თავიანთი ბიზნესის განვითარებასა და ტრანსფორმაციაზე. მოწვეულ სტუმრებს შორის არიან „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პრეზიდენტი თემურ ჭყონია, „თეგეტა მოტორსის“ დამფუძნებელი თემურ კოხოძე და კომპანია „ნოვას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ზვიად აბულაძე.

კონფერენციაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ვისაც აინტერესებს ეჯაილი და ცვლილებები ორგანიზაციაში – სტუდენტები, ტექნოლოგიური კომპანიები, დიდი და პატარა ბიზნესების წარმომადგენლები.

დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია tkt.ge-ზე.დასწრება თავისუფალია.

R

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები