ზაალ ანჯაფარიძე: ოპოზიციამ მიიღო ის პოლიტიკური და რეპუტაციული ზიანი, რომელსაც კარგა ხანს ვერ მოიცილებს
“ოპოზიციამ მიიღო ის პოლიტიკური და რეპუტაციული ზიანი, რომელსაც, ჩემი აზრით, საკმაოდ კარგა ხნის მანძილზე ვერ მოიცილებს”, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ზაალ ანჯაფარიძემ განაცხადა.
ანჯაფარიძე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საარჩევნო სისტემის საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებასა და ფასილიტატორი ელჩების განცხადებას გამოეხმაურა.
მანვე კომენტარი გერმანიის ელჩის მისამართით ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე გააკეთა.
„როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, ელჩების განცხადება არის დიპლომატიის ნიმუში, როცა მათ განაცხადეს, ვწუხვართ, რომ ყველა პარტიამ არ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაშიო, ეს შეიძლება, ნიშნავდეს ორ რამეს. ისინი შეიძლება, გულისხმობდნენ იმას, თუ რატომ არ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში „ნაცმოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“; მეორე მხრივ კი შესაძლოა, ისინი გამოთქვამდნენ წუხილს იმაზე, რომ მათ არ შეუქმნეს წინაპირობები, რათა კენჭისყრაში მიეღოთ მონაწილეობა. ორმაგად შეიძლება, წავიკითხოთ ეს განცხადება. დიპლომატია სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ გიტოვებს ინტერპრეტაციის საშუალებას, არც ერთი მხარისკენ იხრება და არც – მეორისკენ. ეს განცხადებაც გახლავთ დიპლომატიური ხელოვნების ერთერთი პატარა ნიმუში.
რაც შეეხება განცხადების მეორე ნაწილს, რომ ყველა მხარემ პატივი სცეს ელჩების როლს ამ პროცესში – ესეც დიპლომატიური მინიშნება იყო ორივე მხარისთვის.
პატიმრობაში მყოფმა პიროვნებამ თავისი წერილით ოპოზიციას წინაპირობა შეუქმნა, მიეღოთ მონაწილეობა კენჭისყრაში. მათ ჩემთვის აბსოლუტურად აუხსნელი სიჯიუტე გამოიჩინეს, რომელსაც არავითარი საერთო პრინციპულობასთან არ აქვს და მაინც გადაწყვიტეს, ბოლომდე მდგარიყვნენ თავის პოზიციაზე. მიიღეს ის პოლიტიკური და რეპუტაციული ზიანი, რომელსაც, ჩემი აზრით, საკმაოდ კარგა ხნის მანძილზე ვერ მოიცილებენ. ამას დაემატა აბსოლუტურად როყიო განცხადებები, რაც მათმა წარმომადგენლებმა გერმანიის ელჩის მისამართით გააკეთეს.
ეს, რა თქმა უნდა, მეტყველებს ჩვენი პოლიტიკური მოთამაშეების დაბალ პოლიტიკურ კულტურაზე და სიტუაციის ირონია ისაა, რომ ეს ხალხი თითქოსდა პრეტენზიას აცხადებს მედასავლეთეობაზე, ამავე დროს, საკუთარ თავს უფლებას აძლევენ, გააკეთონ ის, რაც არ ჯდება დასავლური პოლიტიკური კულტურის ჩარჩოებში, რაც შემაშფოთებელია დასავლური პოლიტიკური წრეებისთვის. ამიტომაც გაკეთდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ასეთი განცხადება. ამას პრევენციული ხასიათიც ჰქონდა, რომ შემდგომში სხვა პოლიტიკური ჯგუფებიც დაემორჩილონ პოლიტიკურ ეტიკეტს“, – განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
ცნობისთვის, გუშინ საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
რაც შეეხება გერმანიის ელჩის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს – გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ კნირშმა განაცხადა, რომ 8 მარტის შეთანხმებაში გიორგი რურუა, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი “პოლიტპატიმარს” უწოდებს, ნახსენები არ ყოფილა. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ელჩის საპასუხოდ განცხადა, რომ გერმანიის ელჩი გაწვეული უნდა იქნას.
„გერმანიის ელჩს აფინანსებს ივანიშვილის რეჟიმი, მივმართავ გერმანიის მთავრობას, გაიწვიეთ სამარცხვინო ელჩი”, – განაცხადა ნათელაშვილმა.
ელჩის განცხადებაც „ევროპული საქართველოს“ ერთერთი ლიდერი, გიგა ბოკერიაც გამოეხმაურა.
“თანავუგრძნობ მას, არ ვიცი, მერამდენედ უნდა გაეხვიოს ასეთ შარში, თარგმანში დაკარგულს ჰგავს ხოლმე და შემდეგ ბოდიშის მოხდა უწევს”, – განაცხადა ბოკერიამ.
გერმანიის ელჩთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებით გამოეხმაურა.
„ვგმობთ გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს ჩვენი კოლეგის, გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის წინააღმდეგ. ყველა აქტორმა, ვინც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას, თავი უნდა შეიკავოს უპატივცემულო ხასიათის ბრალდებებისგან და დაიცვას ღირსება ყველა იმ ადამიანისა, ვინც აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში“, – აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, ევროკავშირის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანლებთან შეთანხმებით გავრცელებულ განცხადებაში.
თამუნა შეყილაძე