ეკატერინე ტიკარაძე გერმანიის ელჩს შეხვდა

კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხები და ქვეყნებს შორის მიმოსვლის აღდგენა ის თემებია, რაც დღეს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ და გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, დიპლომატმა და მინისტრმა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებაც ისაუბრეს.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული ცვლილება ქვეყნისთვის ისტორიულია და ამ ქმედებით დემოკრატიულობისკენ დიდი ნაბიჯი გადაიდგა.

„დღეს საქართველოში ისტორიული დღეა. ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ მხარი დაუჭირა და ძალაში შევიდა ისტორიული ცვლილება, რომლითაც ქვეყანაში შეიცვალა საარჩევნო სისტემა და გადაიდგა დიდი ნაბიჯი მეტი დემოკრატიულობისკენ. ეს შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების ელჩების ფასილიტაციით გამართული მოლაპარაკებები ქვეყნის მმართველ ძალასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის. დიპლომატებმა მართლაც ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს ამ პროცესში, რომელშიც განსაკუთრებული იყო გერმანიის ელჩის წვლილი, სწორედ მისი პრინციპული, პატიოსანი და სამართლიანი მონაწილეობა იყო უმნიშვნელოვანესი პროცესის წარმატებით დასრულებისთვის“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

გერმანიის ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს წარმატებას კორონავირუსთან ბრძოლაში. დიპლომატმა პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების მიღების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა, მინისტრისთვის პირადად მიმელოცა ის წარმატება, რასაც კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანამ მიაღწია. განვიხილეთ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა, მათ შორის, ფრენებთან დაკავშირებული საკითხები. როგორც მოგეხსენებათ, გერმანიასა და საქართველოს შორის მიმოსვლა ეტაპობრივად განახლდება. ასევე, ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე. განვიხილეთ დღევანდელი მნიშვნელოვანი სიახლე, რაც პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას შეეხება. ამ საკითხთან დაკავშირებით ფასილიტატორმა ელჩებმა განცხადებაც გავავრცელეთ. მოხარული ვარ ამ სიახლით და ეს ძალიან კარგი ნაბიჯია მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის, რადგან გაზრდის პლურალიზმს საქართველოს პარლამენტში. როგორც საქართველოში, ასევე ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, ადგილობრივი პოლიტიკური საკითხების განხილვისას ძალიან უხეშ სიტყვებსა და ჟესტებს იყენებენ. გაკვირვებული ვარ იმ კომენტარებით, რასაც ადამიანები ჩემ მიმართ აკეთებდნენ – ისინი, ვისაც არ შევხვედრივარ და ჩემ შესახებ არაფერი იციან. მიმაჩნია, რომ აღნიშნული პოლიტიკური პროცესის ნაწილია და დემოკრატიულ განვითარებასთან ერთად საქართველო ამასაც გადალახავს. მთავარია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია, რაც ძალიან მახარებს“, – აღნიშნა ელჩმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები