საავტომობილო გზების დეპარტამენტი “თავისუფლების მონიტორის” სიუჟეტზე – “ავტორის მიზანი არა ფაქტების გაშუქება, არამედ მისთვის სასურველი შედეგის მიღება იყო, რომელიც შორსაა სიმართლისგან”

საავტომობილო გზების დეპარტამენტი “თავისუფლების მონიტორის” სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სიუჟეტის ავტორის მიზანი არა ფაქტების გაშუქება, არამედ მისთვის სასურველი და ისეთი შედეგის მიღება იყო, რომელიც შორს არის სიმართლისგან.

“გვსურს, გამოვეხმაუროთ „თავისუფლების მონიტორის“ სიუჟეტს, რომელიც, მათ შორის, ერთერთი ტელევიზიის ეთერით 27 ივნისს გავიდა.

სამწუხაროა, რომ სიუჟეტის ავტორები პატივს არ სცემენ საკუთარ პროფესიას და, მათთვის მიწოდებული დეტალური ინფორმაციის უგულებელყოფით, ფაქტების დამახინჯებითა და მანიპულირებით შეცდომაში შეჰყავთ მაყურებელი.

საქმე ისაა, რომ ჟურნალისტის კითხვებს ამომწურავი პასუხი გაეცა როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ისე – საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ. მიუხედავად ამისა, ტელეეთერით გასულ გადაცემაში, პრაქტიკულად, არ გამოყენებულა უწყების მიერ მიწოდებული ინფორმაცია. როგორც ჩანს, სიუჟეტის ავტორის მიზანი არა ფაქტების გაშუქება, არამედ მისთვის სასურველი და ისეთი შედეგის მიღება იყო, რომელიც შორს არის სიმართლისგან.

ვინაიდან სიუჟეტის ავტორებმა საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2 და სამინისტროს 1 წერილობითი პასუხიდან მხოლოდ ერთი წინადადება გააჟღერეს. გვსურს, გამოვაქვეყნოთ ის ინფორმაცია, რომლის ამონარიდიც იქნა წარმოდგენილი სიუჟეტში:

2018 წლის აპრილიდან დღემდე შპს „ჯორჯიან ენერჯს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები არა 28, არამედ 14.5 მილიონ ლარზე.

2018 წლის აპრილიდან დღემდე საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სხვადასხვა კომპანიასთან გადაუდებელი შესყიდვით გაფორმებულ 28 ხელშეკრულებას შორის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობის მიზნით „ჯორჯიან ენერჯისთან“ გაფორმებულია მხოლოდ 4 კონტრაქტი, ჯამური ღირებულებით 8.7 მილიონი ლარი.

ოთხიდან 3 ხელშეკრულება კომპანიასთან გაფორმდა 2018 წელს ჭუბერსა და აჭარაში განვითარებული სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო სამუშაოებისათვის, ხოლო ერთი ხელშეკრულება – 2019 წელს ომალო სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების შესასრულებლად.

ამასთან, ჭუბერში განვითარებული სტიქიის მასშტაბურობის გათვალისწინებით, სამუშაოში მონაწილეობდა 4 კომპანია. ანუ, „ჯორჯიან ენერჯის“ გარდა, სალიკვიდაციო სამუშაოში ჩართული იყო კიდევ 3 კომპანია. სწორედ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მოცულობისა და სპეციფიკიდან გამომდინარე, კომპანიების შერჩევა მოხდა მათ მიერ დაგროვილი სამუშაო გამოცდილებისა და რეპუტაციის გათვალისწინებით.
2018 წლის აპრილიდან დღემდე კომპანია „ჯორჯიან ენერჯი“ მონაწილეობდ ასაავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ 8 ტენდერში, საიდანაც დამარცხდა 5-ში, დისკვალიფიკაცია მიიღო 1 ტენდერში და გამარჯვებულად დასახელდა მხოლოდ 2 ტენდერში.

ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 5,8 მილიონი ლარი.

ამასთან, „ჯორჯიან ენერჯის“ 2018 წლის აპრილამდეც ჰქონდა სახელშეკრულებო ურთიერთობა დეპარტამენტთან. კერძოდ, კომპანიამ გაიმარჯვა 2017 წელს გამოცხადებულ მდინარე დურუჯის კალაპოტის გაწმენდის სამუშაოების შესყიდვის 19.5 მილიონ ლარის ღირებულების ტენდერში (საბოლოო ღირებულებით -12.5 მლნ ლარი) და ხელშეკრულება დაასრულა განსაზღვრულ ვადაზე 2 თვით ადრე”, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

მათივე ცნობით, გადაცემის ავტორებს არაფერი უთქვამთ იმაზეც, რომ მდინარე დურუჯის კალაპოტის წმენდის სამუშაოების წარმოებაზე ელექტრონული ტენდერი ტარდება ორ ეტაპად.

“პირველ ეტაპზე ფასდება მხოლოდ მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაცია, ხოლო მეორე ეტაპზე სისტემა ავტომატურად ავლენს უმცირესი ფასის მქონე კომპანიას (პრეტენდენტს). ამ ეტაპების გავლის შემდეგ, შპს „ჯორჯიან ენერჯის“, კანონმდებლობის შესაბამისად, მოეთხოვა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა. კომპანიამ ასეთი დასკვნა 2017 წლის ნოემბერში წარმოადგინა და, შესაბამისად, საავტომობილო გზების დეპარტამენტს არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი არ გაეფორმებინა მასთან ხელშეკრულება.

მაყურებელს არასრული ინფორმაცია მიეწოდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ შპს „ჯორჯიან ენერჯის“ დაჯილდოებასთან დაკავშირებითაც. 2018 წლის „მეგზევის დღეზე“ დაჯილდოვდა 3 ფიზიკურ პირი, 4 კომპანია, ხოლო მადლობა გამოეცხადა 7 კომპანიას. მათ შორის იყო „ჯორჯიან ენერჯი“, რომელმაც ყველაზე მასშტაბური პროექტი ვადაზე ადრე დაასრულა.

სამინისტროს წერილობით პასუხში ხაზგასმით და სრულიად იყო გამორიცხული ჟურნალისტის ვარაუდი კომპანიის დამფუძნებლებთან სამინისტროს ხელმძღვანლების მეგობრულ კავშირებზე. შესაბამისად, შეკითხვის ავტორებს განემარტათ, რომ ასეთ ვარაუდზე დაფუძნებული რაიმე სახის მსჯელობა იქნებოდა მოკლებული საფუძველს და იქნებოდა მცდარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ ვთხოვთ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, დაიცვან ჟურნალისტის პროფესიის ელემენტარული სტანდარტი და ფაქტები მიუკერძოებლად და სრულად მიაწოდონ საკუთარ მაყურებელს”, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები