საჯარო დებატები ასოცირების შეთანხმების გაფორმების 6 წლის იუბილესთან დაკავშირებით დასრულდა
საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტმა (GIDE), საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის პროექტის „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის” ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ საჯარო დებატები ჩაატარა.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, პროექტის ეს კომპონენტი კონრად ადენაუერის სახელობის ფონდმა დააფინანსა.
“ონლაინ საჯარო დებატები საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის კამპანიის ერთერთი მნიშვნელოვანი ნაწილია და მისი მიზანია, სკოლის მოსწავლეებმა მიიღონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სიკეთეები მოუტანა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებამ.
მოსწავლეები შეირჩნენ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში არსებული დებატების კლუბებიდან, რომლებიც, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით, წელს ძალიან აქტიურად მუშაობდნენ.
მოსწავლეთა მოტივაცია და პროექტში ჩართვის სურვილი მაღალი იყო. თავდაპირველად, საჯარო დებატებში განსაზღვრული იყო 30 მოსწავლის ჩართულობა, თუმცა, დებატებისა და განათლების ინსტიტუტმა მოსწავლეთა ინტერესები გაითვალისწინა და მათი რაოდენობა 40-მდე გაიზარდა.
პროექტში ჩართულ მოსწავლეებს ორი თვის განმავლობაში უტარდებოდათ ტრენინგები დებატების მიმართულებით. ისინი დაეუფლნენ ფორმალური დებატების ერთ-ერთ ფორმატს. მოსწავლეებთან მუშაობა მიმდინარეობდა სიტყვით გამოსვლის ტექნიკების შესწავლის კუთხით. ჩაუტარდათ როგორც თეორიული, ასევე – პრაქტიკული ლექცია-სემინარები. გარდა დებატების დაუფლებისა, მოსწავლეები აქტიურად იყენებდნენ მათთვის საგანგებოდ შექმნილ საკვლევ პაკეტსაც. მოწვეულმა ექსპერტებმა საგანგებოდ მოსწავლეებისთვის შექმნეს თემატური ვიდეოლექციები, რომლის საფუძველზეც მოსწავლეები კიდევ უფრო სიღრმისეულად გაეცნენ ასოცირების ხელშეკრულებას.
მოსწავლეების მონაწილეობით პროექტის ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის ფარგლებში გაიმართა 6 საჯარო დებატი. მოსწავლეებმა განსახილველად წარმოადგინეს შემდეგი მიმართულებები: ფორმალური და არაფორმალური განათლება, გარემოს დაცვა, ეკონომიკა, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა და სხვა აქტუალური საკითხები. ყველა მათგანს გადაეცა ფასიანი პრიზები.
პროექტში მონაწილეობა ჯამში 300-მდე ადამიანმა.
პროექტი თანხვედრაშია ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან და ეფუძნება პიროვნების განვითარებაზე ორიენტირებულ კონსტრუქციულ საგანმანათლებლო კონცეფციას და განსაზღვრავს იმ ხუთ ძირითად საგანმანათლებლო პრინციპს, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს სწავლა-სწავლების პროცესს”, -ნათქვამია ინფორმაციაში.