ამირან გამყრელიძე: კორონავირუსით გარდაცვლილი მე-15 პაციენტი 82 წლის მამაკაცია, რომელსაც თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-15 პაციენტი 82 წლის მამაკაცია, – ამის შესახებ “კვირას” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

მისი თქმით, გარდაცვლილი ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეა.

როგორც გამყრელიძემ “კვირას” განუცხადა, პაციენტის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და მას მრავლობითი თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

მისივე ინფორმაციით, მამაკაცი უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფებოდა და ერთერთ კოვიდცენტრში მკურნალობდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით მე-15 პაციენტი გარდაიცვალა. შესაბამისი ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზეა განთავსებული.

ამავე მონაცემების თანახმად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 924 გახდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 4 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათი რაოდენობა 785-ს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები