ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოდან ცნობილი მხატვრის ბიუსტი მოიპარეს
ქუთაისში ცნობილი მხატვრის, ოთარ ქანდარიას ბიუსტი მოიპარეს. შემთხვევა საფჩხიის სასაფლაოზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, უცნობმა პირებმა ბიუსტი ღამის საათებში მოიპარეს. როგორც “რეგიონულ კვირას” მხატვრის მეუღლე მანანა ლარცულიანმა განუცხადა, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
“საფლავზე მოქანდაკე რობერტ მნაცაკანიანის მიერ შესრულებული ბრინჯაოს ბიუსტი იდგა. სამწუხაროდ, ბიუსტი ადგილზე არ დაგვხვდა. პანდემიის გამო დაკეტილ სასაფლაოზე მიმსვლელები მაინც აღმოჩნდნენ. ჩვენ საქმის კურსში ჩავაყენეთ სათანადო ორგანოები. იმედია, ბიუსტს იპოვიან. გაიძარცვა იმ კაცის, იმ ხელოვანის საფლავი, ვინც მოსიარულე სიკეთესა და სამართლიანობასთან ასოცირდებოდა”, – განაცხადა მხატვრის მეუღლემ.
როგორც “რეგიონულ კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 258-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაწყო, რაც საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას ნიშნავს. აღნიშნული მუხლი 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.