გიორგი გახარია: არასრულწლოვანთა რეფერირების მექანიზმი უკვე ამუშავებულია
ჩვენი ძირითადი მიზანი გახლავთ ევროპულ სტანდარტებზე მორგებული პენიტენციური სისტემა და დანაშაულის პრევენციის ეფექტური განხორციელება, ეს არის ის მიმართულება, რომელზეც დღეს ორიენტირებულია პენიტენციური სისტემა, ახალი, მცირე ზომის დაწესებულებები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ მიმართულებით დღეს რამდენიმე ძალზედ მნიშვნელოვან პროექტზე პროექტირების ფაზა დასრულებულია და სულ მალე სამშენებლო ეტაპზე გადავა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი კომპონენტია არასრულწლოვანთა რეფერირების მექანიზმი, რომელიც უკვე ამუშავებულია.
„მოგეხსენებათ, ე.წ. მატროსოვის ციხე უკვე დაიხურა და მსჯავრდებულების გადაყვანა მოხდა მე-12 დაწესებულებაში, სადაც ადამიანური პირობებია, რომ მსჯავრდებულმა იგრძნოს თავი ქვეყნის მოქალაქედ და მიიღოს ელემენტარული სერვისები, რომელიც მას ეკუთვნის. მსჯავრდებული პირების ვადამდე გათავისუფლების მექანიზმები აშკარად გაუმჯობესდა ბოლო თვეების განმავლობაში და 2020 წლის თებერვალ-აპრილის პერიოდში 329 მსჯავრდებული გათავისუფლდა ამ მექანიზმით. 2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადების მექანიზმები და იუსტიციის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს რესოციალიზაციისთვის ამ ადამიანებისა, ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება და ეს მიმართულება კიდევ და კიდევ უნდა გაუმჯობესდეს. აქ მნიშვნელოვანი კომპონენტია არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი. მომზადდა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც უკვე გატარდა და ეს მექანიზმი უკვე ამუშავებულია. ეს იყო ბოლო, დამასრულებელი ეტაპი და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ არასრულწლოვნებს, დღეს, ქართული მართლმსაჯულების სისტემა ეპყრობა ადამიანურად, შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, ეს ბავშვები, შეიძლება ასე ითქვას, რომ ჩვენს ნორმალურ სოციალურ ცხოვრებაში დავაბრუნოთ,”- აღნიშნა გიორგი გახარიამ.