გია ვოლსკი: რურუა გარეთ, რურუა პოლიტიკური ლიდერი არ აწყობს ოპოზიციას, ურჩევნიათ, იქ იყოს, სადაც არის

“არ ვიცი, გიორგი რურუას რიტორიკა რატომ აქვს შეცვლილი, მაგრამ ფაქტია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია ითვალისწინებს იმას, რომ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების მიღება უნდა მოხდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, პოლიტიკური ლიდერის ტიტულით გიორგი რურუა ოპოზიციას თავისუფლებაზე არ სჭირდება.

„მეჩვენება, რომ პოლიტიკური ლიდერის ტიტულით გიორგი რურუა ისევე, როგორც ვთქვათ ოპოზიციური მედიამფლობელი, ოპოზიციას არ სჭირდება თავისუფლებაზე, მისთვის უფრო მოსახერხებელია, დაკავებული იყოს და სასამართლო პროცესი მიმდინარეობდეს. ერთადერთი ხავსი დარჩათ, რომელსაც შეუძლიათ, ჩამოეკიდონ და იქნებ, როგორმე, პოლიტპატიმრის თემამ იმარჯვოს. დაკავებული წერილს წერს, ესენი დაესწრებიან ან – არა. ფაქტია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ორი მოსმენით მიღებულია. რაც უფრო მეტი პარტია იქნება ჩართული კენჭისყრაში, მით უკეთესია. არ ვიცი, გიორგი რურუას რიტორიკა რატომ აქვს შეცვლილი, მაგრამ ფაქტია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია ითვალისწინებს იმას, საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების მიღება უნდა მოხდეს. ეს არ არის მათი ინტერესი, ეს არის სტაბილურობისთვის მოწოდება ყველა პარტიის მიმართ, რომ ქვეყანა დემოკრატიული კალაპოტიდან ამოვარდნის წინაპირობა არ შექმნას. რურუა გარეთ, რურუა პოლიტიკური ლიდერი, როგორც თავად ასახელებენ, არ აწყობს ოპოზიციას, ურჩევნიათ, იქ იყოს, სადაც არის“, – განაცხადა გია ვოლსკი.

ცნობისთვის, ტელეკომპანია “მთავარი არხის” ერთერთი მეწილე, გიორგი რურუა სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს – “ჩემი პოზიცია ასეთია, მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია. პროპორციული საარჩევნო კანონის მიღება იყო და არის საზოგადოების მთავარი მოთხოვნა, ასევე, ჩვენი საერთაშორისო მეგობრების თხოვნაც”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები