გიორგი კაკაურიძე: ჩვენ მიერ გაანალიზებული ყველა შოკის პირობებში, ვალის მოცულობა მშპ-სთან მიმართებით 60%-იან ნიშნულს არ სცილდება

“ჩვენ მიერ გაანალიზებული ყველა შოკის პირობებში, ვალის მოცულობა არ სცილდება 60%-იან ნიშნულს მშპ-სთან მიმართებით”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ფინანსთა სამინისტრომ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტთან ერთად წარმოადგინა ვალის მდგრადობის ანალიზი, სადაც გაანალიზებულია ყველა შესაძლო რისკი.

„მთავრობის ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, დაახლოებით, 56%-მდე ადის, ჩვენ ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიასთან ერთად წარმოვადგინეთ ვალის მდგრადობის ანალიზი. ყველა შოკი გაანალიზებულია და ყველა შოკის პირობებში ვალის მოცულობა მშპ-სთან მიმართებით 60%-იან ზღვარს არ სცდება. თუმცა, ჩვენ ასევე ვითვალისწინებთ ვალუტის გაუფასურების შოკს, რომელიც შეიძლება, იყოს მთავარი რისკი. რაც შეეხება მომდევნო წლების ვალის შემცირების დინამიკას – ჩვენ ვალი ავიღეთ იმისთვის, რომ ბიუჯეტი სრულად იყოს მზად როგორც უფრო რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციისთვის, ისე – უფრო ღრმა ეკონომიკური კრიზისისთვის. იმედი გვაქვს, რომ ეს არ მოხდება და წელს არ იქნება საჭიროება, ეს თანხები სრულად ავითვისოთ. უკვე მომდევნო წლიდან მნიშვნელოვნად შევამცირებთ ვალის აღების ტენდენციას. 2021 წელს გასასტუმრებელი გვაქვს 500 მილიონი დოლარის ოდენობის ევრობონდები, რომელიც გაცილებით მაღალი საპროცენტო განაკვეთით გვაქვს აღებული, ვიდრე მიმდინარე წელს აღებული ვალი. ჩვენ ამ რესურსს გამოვიყენებთ, მათ შორის, სწორედ ამ ვალის გადასაფარად და მომდევნო წელს, მოგვიწევს ნაკლები ვალის აღება. ჩვენ მომდევნო წელს მინიმუმ 3 %-ით შევამცირებთ დეფიციტს. 2023 წლამდე და შემდგომ წლებშიც დეფიციტის კონტროლი იქნება ის მთავარი მიმართულება, რაც ვალის ეტაპობრივი შემცირების საშუალებას მოგვცემს”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები