სასამართლომ ბრაზილიის პრეზიდენტს ნიღბის ტარება დაავალდებულა
ბრაზილიის ფედერალურმა სასამართლომ განაჩენი გამოიტანა, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტ ჟაირ ნოლსონარუს საზოგადოებრივ ადგილებში პირბადის ტარებას ავალდებულებს.
ვერდიქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში ბოლსონარუს, დაახლოებით, 387 დოლარის ოდენობის ჯარიმა ემუქრება.
სასამართლომ გადაწყვეტილებაში დედაქალაქის ფედერალური ოლქის გუბერნატორის აღმასრულებელ ბრძანებას ეყრდნობა, რომელმაც ადგილობრივებს ნიღბის ტარება დაავალა, თუმცა, ამის მიუხედავად, ქვეყნის პრეზიდენტი საზოგადოებრივ ადგილებში ყოველგვარი დაცვის გარეშე ჩნდებოდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაწყვეტილებაზე კომენტარი, ჯერჯერობით, არ გაუკეთებიათ.
რაც შეეხება თავად ბოლსონარუს – ის საკარანტინე ზომებს აკრიტიკებს, რომელიც რეგიონული ხელისუფლებების მიერ არის შემოღებული. მისი თქმით, შეზღუდვები ქვეყნის ეკონომიკისთვის კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება. თავად კორონავირუსის პანდემიას კი ჩვეულებრივ გრიპს უწოდებს.
ბრაზილიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა, თუმცა დღეს ის მსოფლიოში ინფიცირების სტატისტიკით მეორე ადგილს იკავებს.
23 ივნისის მდგომარეობით, ქვეყანაში 1 106 470 ინფიცირებულია, 51 271 გარდაცვლილი და 601 741 გამოჯანმრთელებული.