ირაკლი კობახიძე: გავრილოვის განცხადებები ცხადყოფს, რომ ძალიან კარგი პარტნიორია ჩვენი რადიკალური ოპოზიციისთვის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის თქმით, გავრილოვის განცხადებები ცხადყოფს, რომ კარგი პარტნიორია რადიკალური ოპოზიციისთვის.
კობახიძე გამოეხმაურა რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის განცხადებას, რომლის თანახმადაც – „დროა ამ უსიამოვნებიდან გამოსვლისა და მეზობლებთან, პირველ ყოვლისა, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის გზაზე დადგომის“.
„გავრილოვი პერიოდულად აკეთებს ხოლმე ასეთ განცხადებებს, რაც ცხადყოფს, რომ ის არის ძალიან კარგი პარტნიორი ჩვენი რადიკალური ოპოზიციისთვის და ისინი ხმაშეწყობილად საუბრობენ იმ თემებზე, რომლებზეც სურთ ყურადღების გამახვილება. ჟარგონზე რომ ვთქვათ, ის ცდილობს, „სატოპკეები“ აუწიოს ოპოზიციას, თუმცა, ამას ვერ ახერხებს, რადგან საზოგადოებამ ყველაფერი დაინახა, განსაკუთრებით – ამ ერთი წლის განმავლობაში და საზოგადოება კარგად არჩევს იმას, თუ ვინ აკეთებს რუსულ საქმეს საქართველოში და ვინ აკეთებს დასავლეთის საქმეს.
ეს ყველაფერი წინა ხელისუფლებისა და ჩვენი ხელისუფლების საქმიანობის შედეგებით არის გამოხატული. თქვენ იცით, რომ წინა ხელისუფლებამ ჩააბარა ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთს, ასევე, უმნიშვნელოვანესი სტრატეგიულ-ეკონომიკური ობიექტები ჩააბარა, ეს იყო მათი მოღვაწეობის შედეგები და დასასრული. რაც შეეხება საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას, ჩვენ მივიწევთ წინ ევროკავშირისკენ, ნატო-სკენ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.