“ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს
საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს, – ამის შესახებ განცხადებას პარტია ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საკონსტიტუციო ცვლილებებისადმი მათი მხარდაჭერა გიორგი რურუას გათავისუფლების შემთხვევაში უპირობო იქნებოდა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ.
ვთვლით, რომ შემუშავებული საარჩევნო მოდელი მრავალპარტიული მმართველობის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ზრდის. ცვლილებების ეს პაკეტი არის საქართველოს მოქალაქეების, საერთაშორისო პარტნიორების, სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ძალისხმევის შედეგი. ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის.
ამავე დროს, დემოკრატიისა და სამართლიანი არჩევნების პრინციპების ხელშეწყობისათვის აუცილებელია მიღწეული შეთანხმებების შესრულება. მით უფრო, იმ ხელისუფლების პირობებში, რომელმაც თავის საქმიანობის ქვაკუთხედად მოქალაქეების მუდმივი მოტყუება აქცია.
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი პოზიცია ეფუძნება ჩვენი ამომრჩევლების ნებას – საკონსტიტუციო ცვლილებებისადმი ჩვენი მხარდაჭერა უპირობო იქნებოდა 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულებით, კერძოდ პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლებით, რაც სამწუხაროდ ამ მომენტამდე არ მოხდა.
საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას დაეკისრება.
ზემოთ აღნიშნული არგუმენტებიდან გამომდინარე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქცია კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამასთანავე, პატივს ვცემთ სხვა ოპოზიციური ფრაქციებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერასთან დაკავშირებით”,- ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.