ნიკა გვარამია: ლოგიკური დასკვნაა, რომ საქმე ამოწურული არ არის
„მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, გამოკითხვაზე, რომელიც ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმეს უკავშირდებოდა, ძირითადი შეკითხვები წყაროსთან დაკავშირებით იყო. მისი თქმით, თუ გაბუნიას სახელმწიფო სამსახური დაცვას სთავაზობს, ესე იგი, საფრთხე არსებობს.
„ჩემთვის დაცვა არ შემოუთავაზებიათ. გაბუნიას შესთავაზეს დაცვა, ლოგიკური დასკვნაა, რომ საფრთხე ამოწურული არ არის. რაც შეეხება იმას, დათანხმდება თუ არა გაბუნია, ეს მისი გადასაწყვეტია. მე ჩემი პოზიცია მაქვს“, – განაცხადა გვარამიამ.
შეკითხვაზე, თუ რატომ არ მიიჩნია საჭიროდ, ინფორმაციის მიღებისთანავე სუს-ისთვის ეცნობებინა, გვარამიამ განაცხადა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაცია დაზუსტებული არ იყო.
„როგორ უნდა ჩამეყენებინა? სუს-ს ხომ არ ჩავაყენებდი საქმის კურსში, რომ მისგან ინფორმაცია მაქვს? ეს ასე არ ხდება. ჯერ ერთი, დაზუსტებული ინფორმაცია არ იყო და მართალი გითხრათ, ჩემ მიერ სარწმუნოდ ბოლომდე არც იყო მიღებული. სუს-ის წყაროებიდან ასეთ ინფორმაციებს სხვადასხვა ტიპის დანაშაულებთან დაკავშირებით ვიღებთ ძალიან ბევრს, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს მათი გადამოწმებაც და სუს-ს არ ვატყობინებთ, რამდენად მართალია, დაგვიდასტურეთო”, – განაცხადა გვარამიამ.
ცნობისათვის, ჟურნალისტი გიორგი გაბუნია და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დღეს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხნენ.