სემეკი: მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 500 კვტ-მდე გაიზარდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) ინფორმაციით, მწვანე ენერგიაზე მომუშავე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 100 კვტ-დან 500 კვტ-მდე გაიზარდა.

სემეკის აღნიშნული გადაწყვეტილება 1 ივლისიდან შევა ძალაში. სიახლე შეეხება როგორც ინდივიდუალურ მომხმარებლებს, ასევე მომხმარებელთა ჯგუფს, რომლებსაც სურთ ჰქონდეთ განახლებად ენერგიებზე მომუშავე ელექტროენერგიის გამომუშავების საკუთარი წყარო საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო მიზნებისათვის.

“გაუქმდა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ელექტროენერგიის მოხმარების ადგილას მიერთების აუცილებლობა. მომხმარებლისა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ერთი გამანაწილებელი კომპანიის ქსელით სარგებლობის შემთხვევაში შესაძლებელი გახდა ელექტროენერგიის წარმოება და მოხმარება სხვადასხვა ადგილას.

სემეკის ახალი რეგულაციების მიხედვით ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მომხმარებელთა ჯგუფის მიერ სარგებლობისას, თითოულ მომხმარებელს დაუმონტაჟდება ინდივიდუალური რევერსული ან ჭკვიანი მრიცხველი ანგარიშსწორებისათვის. მოხმარებული და წარმოებული კილოვატსაათები ჯგუფის ყველა წევრს ერთსა და იმავე დღეს ინდივიდუალურად დაერიცხება, წარმოებული და მოხმარებული ელექტროენერგია გაიქვითება, ხოლო წლის განმავლობაში დაგროვილ ჭარბ ელექტროენერგიას შეისყიდის გამანაწილებელი კომპანია.

მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობა არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას. ასევე, არ არის სავალდებულო ელექტროსადგური იყოს მომხმარებლ(ებ)ის საკუთრებაში. ელექტროსადგურით სარგებლობა შესაძლებელია იჯარით, ლიზინგით ან სხვა ფორმით ფლობის შემთხვევაშიც. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სტატუსით სარგებლობა შეუძლიათ 500 კვტ-მდე სიმძლავრის მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებსაც. დაუშვებელია პირი ერთდროულად სარგებლობდეს როგორც მიკროსიმძლავრის, ისე მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის სტატუსით.

დღეისათვის, ნეტო აღრიცხვის სისტემაში 173 მომხმარებელია ჩართული,”- ნათქვამია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები