ლევან ნიკოლეიშვილი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმეზე: როცა გვარამიამ გააკეთა განცხადება, ძალიან საეჭვო გარემოებები წარმოჩინდა

ანალიტიკოსის, ექსპერტის სამხედრო საკითხებში, ლევან ნიკოლეიშვილის განცხადებით, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმეზე ტელეკომპანია “მთავარის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებაში ბევრი საეჭვო გარემოება იკვეთება. ამის შესახებ ნიკოლეიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„როცა ბატონმა გვარამიამ გააკეთა განცხადება ამ ყველაფრის თაობაზე, ერთი შეხედვით ძალიან საეჭვო გარემოებები წარმოჩინდა. ვგულისხმობ იმას, რომ გვარამიან გააკეთა შემდეგი სახის განცხადება: რომ მან იცოდა ამის შესახებ, რაც ავტომატურად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. გამომდინარე იქედან, რომ ეს არის დანაშაულის შეუტყობინებლობა, ის ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად. მეორეც – რა მიზეზით არ გააფრთხილა ? აქ რამდენიმე შეფასებაზე შეიძლება, გავიდეთ. ავიღოთ მორალური მხარე, აქ ხომ მის თანამშრომელზე, მეგობარზეა საუბარი? არის ასევე ნიშნები პოლიტიკური, შორსმიმავალი ზრახვებისა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გვარამია გახლავთ პოლიტიკური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთი პროპაგანდისტული ინსტრუმენტი. შესაძლოა, მას აწყობდა, მომხდარიყო ეს ყველაფერი ისე, როგორც წარმოგვიჩინეს, რომ უნდა მომხდარიყო, ამ ჟურნალისტის ლიკვიდაციის შემთხვევაში სხვანაირი პროცესები განვითარებულიყო. ყველაზე მინიმალური – დაიწყებოდა საპროტესტო აქციები, რომლებიც რაში გადაიზრდებოდა, კაცმა არ იცის. საერთშორისო თანამეგობრობიდანაც იქნებოდა ძალიან მკაცრი რეაგირება ამის თაობაზე. ჩრდილი მიადგებოდა ხელისუფლებას, სახელმწიფოს, მთლიანად საზოგადოებას. შეიქმნებოდა იმიჯი, რომ არაუსაფრთხო გარემოა საქართველოში. ყველაზე უფრო ეს არ აწყობდა ხელისუფლებას.
რაც შეეხება რუსულ კვალს – არაფერია გამორიცხული. რუსეთს ახასიათებს ასეთი ქმედებები”, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
ცნობისთვის, 15 ივნისს ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც 12 ივნისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის დროს დაკავებული, რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მოკვლას გეგმავდა. ნიკა გვარამიამ იმავე დღეს განაცხადა, რომ დაკავებულს გაბუნიას მკვლელობა რამზან კადიროვმა შეუკვეთა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნულ ინფორმაციას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკავებულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.
ბრალდებული ვ.ბ.-ს დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა”, – წერია სუს-ის განცხადებაში.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები