ჟვანიას სკოლამ სახელმწიფო ენის შესწავლის მსურველთათვის ონლაინრეგისტრაცია დაიწყო

16 ივნისიდან ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ მსმენელთა ონლაინრეგისტრაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სპეციალურად ამისთვის სკოლის ოფიციალურ ვებგვერდზე შეიქმნა პლატფორმა, სადაც ნებისმიერი მსურველი შეძლებს ონლაინრეგისტრაციის გავლას. აღნიშნული პროცედურის შესასრულებლად მსურველებს აქამდე სასწავლო ცენტრებში მისვლა და სპეციალური სარეგისტრაციო ბლანკის შევსება უწევდათ.

“ონლაინრეგისტრაციისთვის არ არის განსაზღვრული კონკრეტული ვადა. სასწავლო პროცესი დაიწყება ჯგუფების დაკომპლექტებისთანავე.

სახელმწიფო ენის არმცოდნე ბენეფიციარებს რეგისტრაციის პროცესში სკოლის თანამშრომლები დახმარებას ონლაინ გაუწევენ.

ონლაინრეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე :http://www.zspa.ge/geo/registration

აღნიშნული სიახლე განხორციელდა ჟვანიას სკოლის „სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის“ ფარგლებში”, – ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციაში.

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა აღნიშნულ პროგრამას ახორციელებს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ საქართველოს 3 რეგიონში (ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი) განთავსებულ 11 რეგიონულ სასწავლო ცენტრსა და მიმდებარე სოფლებსა და ქალაქებში არსებულ მობილურ ჯგუფებში. პროგრამა ხორციელდება თბილისშიც.

2014 წლიდან დღემდე სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამით ისარგებლა 17 ათასამდე ბენეფიციარმა. კურსი საქართველოს 4 ქალაქში, 140 სოფელსა და 7 სამხედრო ბაზაზე ჩატარდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები