თბილისში დაკავებული 12 წლის გოგონას გარყვნილ ფოტო- და ვიდეომასალას უგზავნიდა, მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება (ვიდეო)

ბრალდებული, რომელიც 12 წლის გოგონას სოციალური ქსელით გარყვნილი ხასიათის შემცველ შეტყობინებებს, ვიდეო- და ფოტომასალას უგზავნიდა, თბილისში დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული ი.ბ., დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, მას ბრალად ედება 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილი გარყვნილი ქმედება.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ბ. თავისი შვილის სახელით დარეგისტრირებული სოციალური ქსელების – „ფეისბუქისა“ და „კონტაქტის“ საშუალებით სისტემატურად უკავშირდებოდა უცხოეთში მცხოვრებ 12 წლის გოგონას და გარყვნილი ხასიათის შემცველ შეტყობინებებს, ვიდეო- და ფოტომასალას უგზავნიდა. დადგენილია, ასევე, რომ გოგონასთან სექსუალური ცხოვრების შესახებ მიმოწერას ბრალდებული 2 წლის განმავლობაში აწარმოებდა, რითაც არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას წინასწარი შეცნობით ჩადიოდა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ი.ბ. თბილისში დააკავეს.

პოლიციამ დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო ტელეფონები და კომპიუტერები, სადაც ბრალდებულის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები არის დაფიქსირებული”, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

გამოძიება წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 141-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული თავისუფლების 5-დან 7 წლამდე ვადით  აღკვეთას ითვალისწინებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები