მამუკა მდინარაძე: ბუნებრივია, არჩევნებში „ქართული ოცნება” გაიმარჯვებს, რაზეც უკვე კამათიც არ ღირს
„ჩვენი ინტერესია, ჩატარდეს არჩევნები წესისა და რიგის მიხედვით, როგორც კონსტიტუციითაა გათვალისწინებული”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგლემ, მამუკა მდინარაძემ ტვ “იმედის” ეთერში განაცხადა.
მისი ინფორმაციით, კრიზისული სიტუაციის შემთხვევაში, თუ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, კონსტიტუციაში ცალსახად წერია, რომ 45-დან 60 დღემდე ვადაში უნდა დაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები.
„შესაბამისად, ეს არის მექანიკური პასუხი კითხვაზე, თუ რა იქნება კრიზისული სიტუაციის შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამასაც კი დიდი სიმულაციები მოაყოლეს და ამასაც კი სპეკულაციებით ხვდებიან. ჩვენ როგორც კრიზის-მენეჯმენტს ვახორციელებდით აქამდე, შევეცდებით, ჩვენს გმირ ექიმებთან ერთად ბოლომდე ასე განვახორციელოთ, მაგრამ თუ სხვა გამოსავალი არ იქნა და საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მხოლოდ რაღაც პერიოდით შეიძლება გადაიწიოს არჩევნები”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი მოსაზრებით, არჩევნები იქნება დემოკრატიული და, ბუნებრივია, „ ქართული ოცნება” გაიმარჯვებს, რაზეც მისივე თქმით, კამათიც არ ღირს.