გურამ ნიკოლაშვილი: უსაფრთხოების სტრატეგიის ანალიტიკურ დოკუმენტში ბურუსით მოცული პასაჟი ბიძინა ივანიშვილის შესახებ ამერიკელთა უკან დახევის საგანი გახდა
“უსაფრთხოების სტრატეგიის ანალიტიკური დოკუმენტი, რომელიც ამერიკის კონგრესში რესპუბლიკელთა ერთ-ერთ ფრაქციაში მომზადდა და ჯგუფში შემავალი 13 კონგრესმენის ხელმოწერით გავრცელდა, მის მიმართ გამოხატული მაღალი ყურადღების გამო კრიტიკას ვერ უძლებს”, – ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა, გურამ ნიკოლაშვილმა ტელეკომპანია „იმედის” გადაცემა „დღის ქრონიკაში” განაცხადა.
მისი თქმით, ბურუსით მოცული პასაჟი ბიძინა ივანიშვილის შესახებ, რომელიც მთლიანად დოკუმენტის ლოგიკას ეწინააღმდეგება და რომელიც ქართულმა ოპოზიციამ ხელზე დაიხვია პოლიტიკური სპეკულაციისთვის, ამერიკელთა უკან დახევის საგანი გახდა.
გურამ ნიკოლაშვილმა ყურადღება გაამახვილა კონგრესმენ დონ ბეიკონის კომენტარზე, რომელიც ბეიკონმა ინტერნეტარხთან „სასაზღვრო ზონა” გააკეთა და სადაც კონგრესმენი ამბობს, რომ დოკუმენტის ის ნაწილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეხება, მას არ დაუწერია და ამისთვის ტექნიკური ჯგუფი იყო დაქირავებული.
საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი იხსენებს კურტ ვოლკერის ინტერვიუსაც, რომელიც დოკუმენტის დაუხვეწაობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ვინაიდან დოკუმენტზე კონგრესმენთა აპარატმა იმუშავა, მათ დააკლდათ საკითხის სიღრმისეული ცოდნა, რაც ვერ მოხდებოდა, თუ თემას კონგრესის შესაბამისი კომიტეტი მოამზადებდა.
„ცოტა ხნის წინ ინტერნეტარხმა, სახელად „სასაზღვრო ზონა”, ამ თემაზე ინტერვიუ ჩამოართვა ამერიკელ დიპლომატ კურტ ვოლკერს, რომელმაც დოკუმენტის დაუხვეწაობაზე ისაუბრა და ეს მისი ანალიტიკური ხასიათით ახსნა. მისი სიტყვებით, ვინაიდან დოკუმენტზე კონგრესმენთა აპარატმა იმუშავა, მათ დააკლდათ საკითხის სიღრმისეული ცოდნა, რაც ვერ მოხდებოდა, თუ თემას კონგრესის შესაბამისი კომიტეტი მოამზადებდა. კურტ ვოლკერი აღნიშნავს, რომ არასწორია ბიძინა ივანიშვილისა და ბატონი მედვედჩუკის გვერდიგვერდ მოხსენიება, რადგანაც, უკრაინელი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, ივანიშვილი სრულიად დამოუკიდებლად მოქმედებს და არ გააჩნია კავშირი კრემლის მმართველთან. 1 დღის წინ კი იმავე ინტერნეტარხმა აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით ინტერვიუ ერთ-ერთ ხელმომწერ კონგრესმენ დონ ბეიკონს ჩამოართვა. მისი სიტყვებით, რაიმე სანქციაზე საუბარი არ შეიძლება, იყოს კონკრეტული ფაქტების განხილვის გარეშე. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ხსენებას – კონგრესმენი ბეიკონი პასუხობს, რომ მას არ დაუწერია დოკუმენტის ეს ნაწილი და ამისთვის ტექნიკური ჯგუფი იყო დაქირავებული”, – განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.
მისი თქმით, ვიდრე ოპოზიცია საკუთარი არასახარბიელო მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ხავსს საზღვარგარეთ ეჭიდება, თანდათანობით ახლოვდება არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ვადაც.
„ქართული ოცნება” ადასტურებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მათი მხრიდან იქნება მხარდაჭერილი, საარჩევნო სიასა და მაჟორიტართა კანდიდატების ფორმირებაზეც მუშაობა პარტიის შიგნით დაწყებულია, ხოლო ოპოზიცია ჯერჯერობით ვერ შეჯერდა საარჩევნო სტრატეგიაზე. რამდენიმე თვის წინ ოპოზიცია სიხარულით აკომენტარებდა სხვადასხვა კვლევას, რომლის მიხედვითაც ჯამურად მათ შეეძლოთ „ოცნების” დამარცხება. გაერთიანებული ოპოზიციის ხორცშესხმის ყველაზე ნათელი ილუსტრაცია სწორედ ერთიანი სიაა, სწორედ იმგვარი, როგორც ეს კოალიცია „ქართულმა ოცნებამ” შექმნა 2012 წელს. გამარჯვების შანსის მოსაპოვებლად ლეიბორისტთა ოფისში მოქმედი ინტერპარტიული ფორმატი ერთიანი საარჩევნო ბლოკის შექმნაზე უნდა კონცენტრირდეს. საარჩევნო სისტემის საკითხი, პრაქტიკულად, გადაწყვეტილია, მისი კენჭისყრა მხოლოდ დროის ამბავია. გაერთიანება კი ნიშნავს ძალიან ჭრელი პოზიციებისა და კიდევ უფრო ჭრელი წარსულის მქონე სუბიექტების ერთიან პლატფორმაზე თავმოყრას, რაც, წესით, მრავალჭირნახულ სუბიექტებს თავიანთი განვლილი პოლიტიკური ტრაექტორიის გათვალისწინებით არ უნდა გაუჭირდეთ”, – ამბობს საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი.