მარინა ეზუგბაია: 10-მდე პაციენტის კორონავირუსით დაინფიცირების წყარო უცნობია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 10-მდე გაიზარდა იმ პაციენტების რაოდენობა, რომელთა დაინფიცირების წყარო უცნობია.
“ჯამში 10 ადამიანის დაინფიცირების წყარო არ ვიცით, თუმცა შეიძლება რომელიმეს წყარო დადგენილი იყოს, ჩემთვის უცნობია, ჯერჯერობით. ჩვენთან 2 ახალი პაციენტია, 2 გამოჯანმრთელდა და დატოვა კლინიკა და კვლავ 38 დადასტურებული შემთხვევა წევს. ჩვენი სპექტრი სიმძიმის მიხედვით არ შეცვლილა, კვლავ მხოლოდ 2 მძიმე პაციენტი გვყავს, რომელთა დაავადების პროგრესირება არ ხდება, სტაბილურია უკვე სიტუაცია და რამდენიმე დღეში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი პროგნოზი აღარ იქნება საყურადღებო და კეთილსაიმედო იქნება”, – განაცხადა ეზუგბაიამ.