“სამხედროები გერმანული წარმოების, „ლოვასა“ და „ჰაიქსის“ მიერ დამზადებული ზამთრისა და ზაფხულის სამხედრო ფეხსაცმლით სრულად იქნებიან უზრუნველყოფილნი”
თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას ყურადღება უმაღლესი ხარისხის, ნატო-ს სტანდარტების ეკიპირების უზრუნველყოფაზე გაამახვილა და ხარისხიანი ეკიპირება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დაასახელა.
„თავდაცვის ძალების 29-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად, სამხედროები გერმანული წარმოების, „ლოვასა“ და „ჰაიქსის“ მიერ დამზადებული ზამთრისა და ზაფხულის სამხედრო ფეხსაცმლით სრულად იქნებიან უზრუნველყოფილნი. პროცესი უკვე დაწყებულია და თვის ბოლოს დასრულდება, ხოლო საშემოდგომო და ზამთრის ფეხსაცმლები სექტემბერში შემოვა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თავდაცვის მინისტრმა პროდუქციის დაბალ ფასად შესყიდვა წარმატებულ მოლაპარაკებებსა და კონტრაქტის, შუამავლების გარეშე, პირდაპირ მწარმოებლებთან გაფორმებას დაუკავშირა.
ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატებს ჯარში უნიფორმების სტანდარტის შეცვლისა და ერთობლივი საწარმოს ჩამოყალიბების მიზნით, საქართველოში მოქმედ ფაბრიკასთან აქტიურად მუშაობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„აქტიურად ვმუშაობთ, „დელტა“ მუშაობს საქართველოში მოქმედ ფაბრიკასთან. ეს კომპანია მაღალი დონის ბრენდებს უწევს მომსახურებას. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის მიერ საწარმოს აქტივებისა და ფინანსური მდგომარეობის შესწავლა. ჩვენი საბოლოო გეგმაა, რომ საწარმომ ქართული წარმოების, მაღალი ხარისხის უნიფორმა, სამხედრო ყოველდღიური, სააღლუმო და ფორმები გამოუშვას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, დღეს ქართველ ჯარისკაცებს მაღალი ხარისხის ქსოვილისგან დამზადებული და ცვეთაგამძლე უნიფორმა აცვიათ, სწორედ იმ ხარისხის, რომლითაც უზრუნველყოფილია ნატო-ს წევრი ქვეყნების, მათ შორის, აშშ-ის ჯარი.