ენტონი ფაუჩი: კორონავირუსმა დაიპყრო პლანეტა და ჯერ კიდევ არ დასრულებულა
„მან დაიპყრო პლანეტა და ჯერ კიდევ არ დასრულებულა”, – როგორც „სიენენი” იუწყება, ამის შესახებ აშშ-ის მთავარმა ეპიდემიოლოგმა, ენტონი ფაუჩმა საერთაშორისო კონვენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ექიმი ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ კორონავირუსი მისი ყველაზე საშინელი ღამის კოშმარია.
„ებოლა საშიში იყო, თუმცა ებოლა არასდროს გადაეცემა მარტივად”, – აღნიშნა ფაუჩიმ.
ექიმის თქმით, წარსულში, როდესაც მას ეკითხებოდნენ, როგორი იქნებოდა დაავადება, რომელიც მისი ყველაზე საშინელი კოშმარი იქნებოდა, ის ხშირად აღწერდა ახალ რესპირატორულ ინფექციას, რომელიც ადამიანებში ცხოველებიდან გავრცელდებოდა და გადაცემის ძალიან მაღალი ხარისხი ექნებოდა.
ფაუჩის თქმით, მსოფლიომ იხილა არაერთი ეპიდემია, რომელსაც აქვს ზოგიერთი ნიშანი ამ დახასიათებიდან, თუმცა „კოვიდ-19″-ს ყველა ეს მახასიათებელი ერთად აქვს.
„ახლა ჩვენ გვაქვს საქმე იმასთან, რაც ჩემი ყველაზე საშინელი ღამის კოშმარი აღმოჩნდა. ოთხთვიან პერიოდში მან გაანადგურა მსოფლიო”, – აღნიშნა ფაუჩიმ.
ამერიკელი ეპიდემიოლოგის თქმით, „კოვიდ-19″ მოულოდნელად, სწრაფად გავრცელდა.