ივანე მაჭავარიანი: 2019 წლის პოზიტიური შედეგი გახდა იმის საწინდარი, რომ საერთაშორისო დონორებმა საქართველოს საკმაოდ სერიოზული დახმარება მოკლე ვადებში გაუწიეს

“თუ წლის ბოლოს ჩვენ მოვახერხეთ, რომ საერთაშორისო დონორებისგან მოზიდული თანხების საკმაოდ სოლიდური ნაწილი გვექნება აკუმულირებული, მაგრამ არა – დახარჯული, დამერწმუნეთ, რომ ეს 2021 წელს გააჯანსაღებს და სამომავლოდ ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა და წინაპირობა იქნება”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია “იმედზე” გადაცემა „დღის ქრონიკაში“ სტუმრობისას.

„2019 მართლაც ძალიან პოზიტიური და კარგი წელი იყო, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში. როდესაც ვაანალიზებთ 2019 წლის მაჩვენებლებს, ხვდებით, თუ რამდენად შედეგიანი იყო. ამ პერიოდში ქვეყანაში რამდენიმე ისტორიული მაჩვენებელი დაფიქსირდა და თუ მსგავსი სტატისტიკა ზედიზედ 7, 8, 10 წლის განმავლობაში შენარჩუნდება, საქართველო თვისობრივად განსხვავებული ქვეყანა გახდება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ერთ მაჩვენებელზე დაყრდნობით შეფასება არ შეიძლება და ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ, რის ხარჯზე ხდება ამა თუ იმ მონაცემების მიღება.
„ცალკე აღებული ერთი პარამეტრი, მაგალითად, რომ ავიღოთ მაღალი ეკონომიკური ზრდა, რის ხარჯზეა? თუ ეს არის წარმოუდგენლად დიდი ვალის აღების ხარჯზე, მაგალითისთვის ვამბობ, ეს არ არის მდგრადი და მისაღები. დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები – დიდი დეფიციტის ხარჯზე? არც ეს არის გამართლებული. შესაბამისად, იმდენად შეწონილი, იმდენად ოპტიმალური იყო 2019 წლის მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომ ხშირად, როცა ანალიზს ვუკეთებთ, ყველას ძალიან გვენანება, რომ ამ ამბების გამო, რაც 2020-ში დატრიალდა, მოგვიწევს ამ პარამეტრებიდან გასვლა და გადახრა“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
მისი თქმით, სწორედ 2019 წლის პოზიტიური შედეგი გახდა იმის საწინდარი, რომ საერთაშორისო დონორებმა საქართველოს საკმაოდ სერიოზული დახმარება მოკლე ვადებში გაუწიეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები