კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაქვემდებარებული მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები ახლო მომავალში გაიხსნება

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფი მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები, მთავრობის საკოორდინაციოს საბჭოს გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების შესაბამისად, ახლო მომავალში გაიხსნება.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეპიდემიური მდგომარეობის მიზეზით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, აღნიშნული მუზეუმ-ნაკრძალების ადმინისტრაციები ვიზიტორთა მომსახურებას ჯანმრთელობის დაცვის უწყებების მიერ წინასწარ შემუშავებული რეგულაციებით განახორციელებენ. დადგენილი ქცევის ნორმების დაცვა დამთვალიერებლებისთვის სავალდებულო იქნება.
„ობიექტების გახსნის პარალელურად, შეიცვლება მუზეუმ-ნაკრძალების ტარიფები. ქვეყნის ტურისტული პოტენციალის სტიმულირებისა და ტურიზმის ეკონომიკური ეფექტის ეტაპობრივი გაზრდის მიზნით, დროებით შემცირდება მუზეუმ-ნაკრძალში შესვლის საფასური. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე, ვარძიასა და უფლისციხეში დღემდე მოქმედი ტარიფის ოდენობა 3 თვის ვადით 15 ლარიდან 7 ლარამდე შემცირდება. კვლავ 1 ლარი იქნება ბილეთის საფასური საქართველოს მოქალაქე მოსწავლეების, სტუდენტებისა და პენსიონრებისთვის. მუზეუმ-ნაკრძალებში უფასოდ დაიშვებიან იძულებით გადაადგილებული პირები, ომის ვეტერანები, მზრუნველობას მოკლებული ბავშვები და სოციალურად დაუცველი პირის სტატუსის მქონე მოქალაქეები. საფასურის გადახდა არ შეეხებათ არც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და მათ თანმხლებ მოქალაქეებს.
შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილების მიღებიდან მომდევნო 3 თვის განმავლობაში ბილეთების ფასი შემცირდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სხვა 16 მუზეუმისა და მუზეუმ-ნაკრძალის ვიზიტორებისთვისაც. ახალი ტარიფები აღნიშნული ობიექტების გახსნის თარიღის განსაზღვრის თანმდევად დადგინდება“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები