გურამ მაჭარაშვილი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ახალი კონსტიტუციის შესაბამისი ცვლილებები შედის
„მე-10 მოწვევის პარლამენტს უნდა დახვდეს ისეთი რეგლამენტი, რომელიც კონსტიტიუციასთან შესაბამისობაში იქნება მოყვანილი”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა ტვ „იმედის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ახალი კონსტიტუციის მიხედვით, არსებობს არა უმცირესობა და უმრავლესობა, არამედ – საპარლამენტო ოპოზიცია და საპარლამენტო სიითი უმრავლესობა, რომელიც მინიმუმ 76 დეპუტატისგან უნდა იყოს შემდგარი. მისივე განმარტებით, თანამდებობის პირები აღარ იქნებიან უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები. ასევე, ცვლილება ხორციელდება ფრაქციის დაკომპლექტების ნაწილშიც.
„პარლამენტში ძირითადი პოლიტიკური მოთამაშეები იქნებიან ფრაქციები, რომელთა მინიმალური რაოდენობა იქნება 7. ერთი და იმავე პარტიის მიერ წარდგენილი დეპუტატები ვერ შექმნიან 1-ზე მეტ ფრაქციას. ეს იმიტომ, რომ „პარტია უდრის ფრაქციას” პოლიტიკურ პლატფორმაში აუცილებელი მიზანია, პარლამენტში პოლიტიკური პარტია იყოს წარმოდგენილი ზუსტად იმ ფორმატით, როგორც არის ის არჩეული”, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
მისი განმარტებით, ერთი და იმავე პარტიის მიერ წარდგენილი პირები თუ პარლამენტში შევიდნენ და შემდეგ დატოვეს ეს ფრაქცია და პარტია, მათ აღარ ექნებათ საშუალება გაერთანდნენ და ცალკე, სხვა ფრაქცია შექმნან. თუ რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ 7 წევრზე ნაკლები შეიყვანა პარლამენტში, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები არ შეიძლება, ერთ ფრაქციად შეიკრიბნონ და ჩამოყალიბდნენ.
„ეს იმიტომ, რომ არჩევნები პოლიტიკური პროცესია, რომელზეც ხალხი განსაზღვრავს, რომელი პოლიტიკური პარტია რა პროცენტულობით უნდა იყოს პარლამენტში წარმოდგენილი”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მისი ინფორმაციით, კომიტეტის სხდომაზე იყო შენიშვნა, რომ სარჩევნო ბლოკში შემავალ რამდენიმე პარტიას ჰქონდეს ფრაქციის შექმნის შესაძლებლობა, რაზეც მსჯელობა შესაძლოა გაგრძელდეს .
მისი თქმით, ეს რეგულაციები არ გავრცელდება დამოუკიდებელ მაჟორიტარებზე, ანუ მათზე, ვინც არჩევნებზე საინიციატივო ჯგუფის მიერაა წარდგენილი და არა რომელიმე პარტიის მიერ.
როგორც მაჭარაშვილმა განმარტა, მართალია, საპარლამენტო სიითი უმრავლესობა შეიქმნება, თუ 76-ზე მეტი დეპუტატია ერთ ფრაქციაში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთმა პარტიამ ვერ შეძლო 76 მანდატის მოპოვება, დგება სხვა ფრაქციიდან წევრების ან უფრაქციოდ დარჩენილი დეპუტატების დამატების საკითხი. მისი განცხადებით, მცირდება ვიცესპიკერების რაოდენობაც: პირველი ვიცესპიკერის გარდა, კიდევ ერთი ვიცესპიკერი სიითი უმრავლესობიდან, ხოლო მეორე – საპარლამენტო ოპოზიციიდან იქნება წარმოდგენილი.
„სამწუხაროდ, საპარლამენტო ოპოზიცია არ ესწრება რეგლამენტის განხილვის პროცეს, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით, მეათე მოწვევის პარლამენტის სხვა სუბიექტებთან ერთად, ოპოზიციის საკითხების, მათ შორის, უფლებების განხილვა მიმდინარეობს”, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.