გიორგი გახარია: საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვიწყებთ კვლევას, როგორი გავლენა შეიძლება ჰქონდეს COVID-19-ის ეპიდემიას სოციალურ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაზე
გვინდა გამოვიყენოთ სამთავრობო პროგრამის ანგარიში, როგორც პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ დავიწყოთ ფართო კვლევა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ჩვენი ცხოვრების სფეროებზე COVID-19-ის ეპიდემიის ზეგავლენასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეპიდემიასთან ბრძოლის პროცესში იანვრიდან მაისის ჩათვლით ღონისძიებების სრული ანგარიში წერილობით მომზადდა და პარლამენტს გაეგზავნა.
„ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის პასუხისმგებლიანი მთავრობის ნაბიჯი, რომელიც თავის მოქალაქეს და ყველა დაინტერესებულ პირს უხსნის, საგანგებო მდგომარეობის პირობებში რა მოტივით, რა სქემით, რა სტრუქტურით იყო გადაწყვეტილებები მიღებული, რა იყო მოტივაცია და მიზანი ამ გადაწყვეტილებების. ანგარიშში ეს ყველაფერი დეტალურადაა ახსნილი და გაშიფრული, ასევე, პირდაპირ მოტანილია ის მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, რის გამოც ჩვენ მოგვიწია ასეთი მძიმე შეზღუდვების დაწესება ჩვენი მოქალაქეებისთვის და ბევრი სხვა დეტალი. ფაქტობრივად, აქ არის თითოეული უწყების და მთლიანად მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების ანალიზი, მათი ახსნა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან და რა თქმა უნდა ეკონომიკის შემდგომ განვითარებასთან. ანგარიშზე მუშაობამ ჩვენ აშკარად დაგვანახა, რომ ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა იმ სუსტი წერტილების გამოვლენისთვის, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენც გვქონდა. იმისთვის, რომ ჩვენ უფრო ეფექტურად ვიყოთ მომზადებული შესაძლო მეორე ტალღისთვის, რომელზეც დღეს ბევრი საუბარი მიმდინარეობს, გვინდა გამოვიყენოთ სამთავრობო პროგრამის ანგარიში, როგორც პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ დავიწყოთ ფართო კვლევა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად COVID-19-ის ეპიდემიის ზეგავლენისა ჩვენი ცხოვრების სფეროებზე, როგორიც შეიძლება იყოს სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრება, ადამიანის უფლებები, ბავშვთა უფლებები, სამართლებრივი პროცესები და ა.შ”, – აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, სახელმწიფომ გლობალურ პანდემიას უპასუხა ეფექტურად, მართა რისკები და შესაბამისად, მნიშვნელოვანია სოციალური ცხოვრების ყველა სფეროს გადაზღვევა, რათა მოხდეს ადაპტაცია არამხოლოდ ეკონომიკასთან, არამედ ცხოვრების სხვადასხვა სფეროსთან.
„ვფიქრობ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და დონორები მოგვეხმარებიან მსგავსი კვლევების მაქსიმალურად სწრაფ დროში ჩატარებაში. გარდა იმისა, რომ ეს იქნება კარგი შესაძლებლობა, უკეთ მოვემზადოთ შესაძლო მეორე ტალღისთვის, რა თქმა უნდა, ეს იქნება შესაძლებლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს გავუზიაროთ ის გამოცდილება, რომელიც საქართველოს აქვს”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.