„წიგნის სახლი, სახლი თითოეული მცხეთელისათვის“ – შოთა რუსთაველის სახელობის მთავარ ბიბლიოთეკას 130 წელი შეუსრულდა

1890 წელს მცხეთაში პირველი საჯარო ბიბლიოთეკა გაიხსნა, რომელიც წიგნთსაცავად იწოდებოდა. ამავე წელს გაზეთი „ივერია„ წერდა:
„მცხეთა, თიბათვე. ჩვენთვის ფრიად სასიამოვნო ამბავი მოხდა დღეს, ამ დღეს აკურთხეს საჯარო წიგნთა საკითხავი, აქ ბევრი ხალხი დაესწრო და დიდი სიამოვნებით მიეგება მის გახსნასა და კურთხევასა, ახლა კი გვეშველება და გავიგებთ რასმეს“
წიგნთსაცავში ირიცხებოდა 169 წიგნი და ათამდე დასახელების ჟურნალ-გაზეთი მიდიოდა უსასყიდლოდ, ასევე მუდმივად ივსებოდა წიგნებით შემოწირულობების ხარჯზე. წიგნთსაცავის მაშინდელი გამგებელნი იყვნენ პროკოფი ბარისაშვილი და გრიგოლ მაჩხანელი მოგვიანებით წყარო გვიჩვენებს, რომ 1896 წელს წიგნთსაცავს ხელმძრვანელობს გიორგი მრევლიშვილი და სოფიო ციციშვილი.
წელს მცხეთის შოთა რუსთაველის სახელობის მთავარ ბიბლიოთეკას 130 წელი შეუსრულდა, ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც ახალ კორონავირუსს უკავშირდება, სამწუხაროდ ვერ მოხერხდა მრგვალი თარიღის სათანადოდ აღნიშვნა. იუბილემ უჩვეულოდ ჩაიარა – სტუმრებისა და მკითხველის გარეშე.
“მოგესალმებით ძვირფასო მკითხველო, გილოცავთ ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვან თარიღს – მცხეთის შოთა რუსთაველის სახელობის მთავარი ბიბლიოთეკის 130 წლის იუბილეს. გისურვებთ არასოდეს მოგბეზრებოდეთ ამ შენობაში მოსვლა, აქ კი მუდამ დაგხვედროდეთ თქვენთვის სასურველი წიგნი თუ საჭირო ინფორმაცია.
მცხეთის მთავარ ბიბლიოთეკაში 1982 წლიდან ვმოღვაწეობ, ამ დროისთვის ბიბლიოთეკა ცენტრალურ ბიბლიოთეკად იყო წოდებული. გვყავდა უამრავი მკითხველი და მრავალფეროვანი წიგნის არჩევანი. სამწუხაროდ 90 -იან წლებში ბიბლიოთეკამ დაღმასვლა განიცადა, ძალიან ცუდი პერიოდი იყო, რომელიც 2007 წლამდე გაგრძელდა. არ შემოგვდიოდა ახალი წიგნები და გვიჭირდა არსებული არქივის შენახვა – გადარჩენა. ამ პერიოდში ძალიან დაგვაკლდა მკითხველი . მომდევნო ეტაპს 2010 წელს ცრემლების გარეშე ვერ ვიხსენებ, რადგან იმ დროინდელმა ხელისუფლებამ გასცა განკარგულება ბიბლიოთეკების დახურვის, მაშინ მე გახლდით დირექტორის პოზიციაზე და დამევალა მეცნობებინა ჩვენი თანამშრომლებისთვის 24 ბიბლიოთეკის დახურვა. ჩემი გონება მოცული იყო ორი აზრით, გადამერჩინა ბიბლიოთეკები და არ დარჩენილიყვნენ ჩემი თანამშრომლები უმუშევრები. ძალიან მიჭირს ამ პერიოდის გახსენება. მაშინ მხოლოდ ცენტრალური, ახალგაზრდული ერედისა და ნატახტრის ბიბლიოთეკების გადარჩენა შევძელით”, – ამბობს ბიბლიოთეკის მენეჯერი ნინო თათარაშვილი.

-რას ნიშნავს თქვენთვის ბიბლიოთეკა?

სკოლა რომ დავამთავრე იმ დღიდან ჩემი შეგნებული ცხოვრება მივუძღვენი ბიბლიოთეკას, თავდაპირველად ვმუშაობდი ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ბიბლიოთეკაში, შემდეგ უკვე მცხეთის შოთა რუსთაველის სახელობის მთავარ ბიბლიოთეკას მივუძღვენი თავი. ამ სივრცის გარეშე მე ვერ წარმომიდგენია ცხოვრება, არასოდეს მიფიქრია ამ კედლებს გავშორებოდი, მერჩივნა უმუშევრად სახლში ვყოფილიყავი, ვიდრე ჩემი პროფესიისთვის მეღალატა. ეს გახლავთ საოცარი მიჯაჭვულობა, ჩემი მეორე ოჯახი.

-თუ შეიძლება გაიხსენეთ მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენს ბიბლიოთეკაში?

ჩვენი ბიბლიოთეკის პატარა დარბაზი არაერთი მაშტაბური ღონისძიების მასპინძელი გახლდათ , ვფრთხილობ ჩამოვთვალო, რადგან არ მინდა რომელიმე გამომრჩეს. თუმცა გავიხსენებ არაჩვეულებრივ შეხვედრას ანა კალანდაძესთან, ნამდვილად დაუვიწყარი და მნიშვნელოვანი ღონისძიება გახლდათ. ვალერიან მამუკელაშვილის საიუბილეო ღონისძიება. გვქონდა შეხვედრა დისკუსია – დისპუტი რატი ამაღლობელთან და ლაშა ბუღაძესთან. არ შემიძლია ასევე არ ავღნიშნო უკვე ჩვენს რეალობაში განხორციელებული აქცია პერფორმანსი, რომლის ორგანიზატორიც მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრი გახლდათ. „შემიყვარე“ ასე დავასათაურეთ ღონისძიება, რომლის იდეაც შემდეგში მდგომარეობდა, ჩვენს თაროებზე განლაგებული წიგნი მიმართავდა მკითხველს – „შემიყვარე“.

-რას ურჩევთ თქვენს ახალგაზრდა მკითხველს?

მინდა მივართო ჩვენს მკითხველს, ძალიან კარგია თანამედროვე სამყარო, თუმცა წიგნისა და მკითხველის ურთიერთობა სულ სხვა მისტიკაა. ვურჩევ მოვიდნენ ჩვენს ბიბლიოთეკაში, ჩვენ ყველანაირად ვუზრუნველყოფთ მათ მოთხოვნებს. პირადად მე ბიბლიოთეკას დავარქმევდი წიგნის სახლს, სახლი თითოეული მცხეთელისთვის.

მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორი შორენა არჯევანიძე:
“მაქვს პატივი უშუალოდ მივულოცო ჩემს საყვარელ მცხეთის შოთა რუსთაველის სახელობის მთავარ ბიბლიოთეკას 130 წლის იუბილე. თითოეულ ბიბლიოთეკარს მოვეფერო და მადლობა გადავუხადო გაწეული ღვაწლისათვის. მოგეხსენებათ მცხეთა განსაკუთრებულია თავისი ისტორიულ- კულტურული მემკვიდრეობით, თუმცა არანაკლებ აღსანიშნავია ჩვენი ბიბლიოთეკის დაარსების თარიღი, იმ პერიოდში ინტენსიურად არ იხსნებოდა სამკითხველოები. სწორედ ერთ-ერთი პირველი გახლავთ ჩვენი ბიბლიოთეკა ქვეყნის მაშტაბით. დღემდე მივყვებით ტრადიციას და ვცდილობთ ყველა გემოვნების მქონე მკითხველი დავაკმაყოფილოთ. მიხარია რომ 2012 წელს აქტიურად ვიყავი ჩართული ბიბლიოთეკების აღმასვლაში და განახლებაში. დღემდე არაერთი ბიბლიოთეკა გაიხსნა ჩვენს მუნიციპალიტეტში და არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო მათ, ვინც დღეს ქვეყნის სათავეში დგას. ეს ხელშეწყობა ხდება როგორც ცენტრალური ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან. ჩემთვის როგორც მულტიფუნქციური ცენტრის ხელმძღვანელისთვის საბიბლიოთეკო სფერო გამორჩეული და მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო აქ მომუშავე ყველა წევრს და ვუსურვო გალაღება თავიანთ პროფესიაში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები