პროექტ Twinning-ის მმართველი კომიტეტის პირველი დისტანციური შეხვედრა გაიმართა
პროექტ Twinning – Supporting Inter – Sectoral Collaboration Possibilities Between Research and Industry მმართველი კომიტეტის პირველი დისტანციური შეხვედრა გაიმართა.
შოთა რუსთაველის ფონდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრა საქართველოსა და პროექტის განმახორციელებელ გერმანულ – ავსტრიულ – ლატვიურ კონსორციუმს შორის შედგა, რომელშიც საქართველოს მხრიდან, მონაწილეობა მიიღო მართველი კომიტეტის წევრებმა: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ზვიად გაბისონიამ, გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნინო გაჩეჩილაძემ, მოადგილე ჯაბა სამუშიამ, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა.
აღნიშნული Twinning პროექტი ფინანსდება ევროკომისიის მიერ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი კი წარმოადგენს პროექტის ბენეფიციარ ორგანიზაციას. პროექტი მიზნად ისახავს მეცნიერებასა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, კვლევებში დაფინანსების წყაროების დივერსიფიცირებასა და სამეცნიერო კვლევების კომერციალიზაციის განვითარებას საქართველოში.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები, სხვადასხვა აქტივობები, შედეგები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ზვიად გაბისონიამ, სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს, არა მხოლოდ ბიზნესსა და მეცნეირებას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, არამედ ქვეყნის მასშტაბით მეცნიერების პრიორიტეტების განსაზღვრას, რათა განხორციელდეს საერთაშორისო რეკომენდაციებით გათვალისწინებული ამოცანები. მხარეებმა შეხვედრაზე ასევე ხაზი გაუსვეს სოფლის მეურნეობის დარგების ხელშეწყობისა და ამ მიმართულებით სამეცნიერო კავშირების დამყარების საკითხს.
პროექტი დაიწყო 2020 წლის პირველ კვარტალში და მისი ხანგრძლივობა შეადგენს 2 წელს.